მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო ორ ახალ სსიპ-ს ქმნის - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჰერალდიკის საბჭო უქმდება და იქმნება სსიპ-ი „სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი“, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში იქნება.

ასევე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით ჩამოყალიბდება და ისიც, მთავრობის მმართველობის სფერო გახდება.

მისივე ინფორმაციით, ახალი დეპარტამენტი იქნება ჰერალდიკის საბჭოს ანარეკლი, რომელსაც სსიპად ქცევის შემდეგ, მეტი იურიდიული შესაძლებლობა ექნება. სსიპი ფუნქციონირებას იგივე საკადრო შემადგენლობით და ბიუჯეტით განაგრძობს. პაპუაშვილი ასევე დასძენს, რომ დეპარტამენტი 10 მარტიდან ამოქმედდება.

“შემოთავაზებული ცვლილება ეხება შემდეგ ორ საკითხს, პირველი, რომ ერთის მხრივ ჰერალდიკის საბჭოში შევიდეს სიცხადე, ვინაიდან არის ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელსაც თავისი ხელმძღვანელი ჰყავს და სტრუქტურული დანაყოფები. თუმცა, სამართლებრივი ბუნება არ აქვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს იურიდიული პირის სტატუსი, რაც ხაზს გაუსვამს მის განსაკუთრებულ იურიდიულ მნიშვნელობას. რათა მას საკუთარი სახელით მოქმედება შეეძლოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელით. შემოთავაზებულია, რომ შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი და დასახელებაც მოვიდეს შესაბამისობაში, როგორც სამართლებრივად, ენობრივად იმ სისტემასთან, რომელიც ჩვენ გვაქვს. ასევე, შინაარსობრივი დატვირთვითაც, ვინაიდან ჰერალდიკა უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე სახელმწიფო სიმბოლოები. ამიტომ შემოთავაზებულია, რომ ჩამოყალიბდეს სიპი, რომლის სახელწოდებაც იქნება “სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი” და ეს დეპარტამენტი იყოს მთავრობის დაქვემდებარებაში. ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ. ჰერალდიკის საბჭოსთან საუბარი გვქონდა. მათ შორის, სახელის შერჩევასთან დაკავშირებითაც. მათი შემოთავაზებაა, რომ სახელი იყოს “სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი”.

10 მარტი ის თარიღია, როდესაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო "სიმბოლოების დეპარტამენტის" ამოქმედდება. შესაბამისად, პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭო გაუქმდება. მთლიანი სტრუქტურის გადატანა მოხდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში. გარდამავალი დებულებით გათვალისწინებულია, რომ ჰერალდიკის საბჭოს ყველა თანამშრომელი კონკურსის გარეშე გადაინიშნება იმავე თანამდებობაზე, უკვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში. შესაბამისად, ის ბიუჯეტი, რაც პარლამენტის ბიუჯეტის ფარგლებში იყო გათვალისწინებული, გადაჰყვება სიპს. ის სამართლებრივი გარიგებები, რომელიც შეიძლება არსებობდეს ჰერალდიკის საბჭოში, მისი უფლება მონაცვლე იქნება სიპ “სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი”, - ამბობს პაპუაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები