"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო მზია ამაღლობელის და მისი ჯანმრთელობის გულშემატკივარია. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა და მზია ამაღლობელის მიერ შიმშილობის შეწყვეტას მიესალმა.
საქმე ის არის, რომ 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს შიმშილობა.
„მისასალმებელია, რომ შიმშილობა შეწყვიტა და ამ დღეებმაც გამოავლინა კიდევ ერთხელ ის, რაც სხვათა შორის ვნახეთ სხვა დროსაც - მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დროს, რომ ამას სხვები იარაღად იყენებენ ხოლმე. გაოგნებული ვარ ევროკავშირის ელჩის განცხადებებით... ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის გუშინაც ჰქონდა მას განცხადება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირდაპირი წაქეზება, რომ ადამიანს საკუთარი თავის დაზიანება გაეგრძელებინა. როდესაც ამას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი აკეთებს ეს აჩვენებს ან მის პირად აცდენას არათუ რაღაც ევროპულ, არამედ ადამიანურ ღირებულებებისა, რომ მიემართა მზია ამაღლობელისთვის და ეთქვა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, ნაცვლად ამისა ვნახეთ წაქეზება, რომ ადამიანს გაეგრძელებინა საკუთარი თავის დაზიანება. ეს აღმაშფოთებელია. ვერც ერთი ელჩი ვერ გამოვიყვანეთ და ვერ ვათქმევინეთ, რომ ადამიანს საკუთარი თავის დაზიანება შეეწყვიტა. თუ გახსოვთ ქალბატონ სალომეს წამოსცდა კიდევაც, რომ მზია ამაღლობელი კარგი იარაღია მის ხელში და როგორც ჩანს ზოგიერთი უცხოელის ხელშიც ის იარაღი იყო.
ამიტომ კარგია, რომ შეწყვიტა. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა პენიტენციური დაწესებულება, ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც ის იმყოფებოდა და ზოგადად სახელმწიფო არის პირველი გულშემატკივარი პირადად მისი, მისი ჯანმრთელობის და კარგია, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა. ალბათ მასაც ექნება საშუალება გააანალიზოს, რომ ის ხალხი, რომლებიც შეიძლება მას მეგობრობას ეფიცებოდნენ სინამდვილეში მის იარაღად გამოყენებას ცდილობდნენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




























