მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ მხრიდან კომპანიებისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირების მოცულობა უნდა გაიზარდოს.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ ჭელიძემ BMG-ის განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომა კვლავ გამოწვევად რჩება, საჭიროა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სუბსიდიის კომპონენტი გაიზარდოს.
მიხეილ ჭელიძის განცხადებით, ცვლილებები უნდა შევიდეს საკრედიტო-საგარანტიო სქემაშიც და სააგენტოს მხრიდან გაცემული გარანტიის მოცულობაც უნდა გადაიხედოს.
„მთლიანობაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები დადებითად შეიძლება შეფასდეს, საკმაოდ ბევრმა ბიზნესმა ისარგებლა სხვადასხვა კომპონენტით. თუმცა ვფიქრობ, სამი მიმართულება გადასახედია. პირველი - სესხის პროცენტის სუბსიდირების ნაწილში უფრო მეტი უნდა დააფინანსოს სააგენტომ. ამჟამად დაახლოებით 4%-ს ფარავს სააგენტო და ეს მოცულობა უნდა გაიზარდოს. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ინვესტიციების ნაკლებობაა, მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ ბიზნესს. ასევე საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში სახელმწიფოს თანამონაწილეობა გასაზრდელია. მცირე ბიზნესს სესხის უზრუნველყოფის მოთხოვნების დაკმაყოფილება უჭირს და ეს მიმართულება გადასახედია. ამასთან, უნდა გაკეთდეს ანალიზი, თუ რომელი სექტორებია პრიორიტეტული და ამის მიხედვით შესაძლოა, რიგ დარგებს უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ“, - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.