ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, ანაკლიის მომავალი პორტის ტერიტორიაზე სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და უშუალოდ სამშენებლო ეტაპი მალე დაიწყება.
როგორც ეკონომიკის უწყება იტყობინება, იოსელიანის თქმით, „სახელმწიფო შესაბამის ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, რომ 2029 წლისთვის საქართველომ და ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა პანამაქსის და ბოსფორმაქსის ტიპის გემები მიიღონ".
"ნავმისადგომის სიღრმე იქნება 16 მეტრი. ნავსადგურის მოსალოდნელი გამტარუნარიანობა 600,000 კონტეინერს (TEU) შეადგენს და მას ექნება 2 მლნ ნაყარი ტვირთის მიღება - გადამუშავების შესაძლებლობა,“ - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ამასთან, "ოცნების" მთავრობაში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში 7 მილიარდის ოდენობის ინვესტიციის ჩადებას გეგმავენ.
„სტრატეგიულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგანაც ტვირთნაკადი იზრდება და შუა დერეფანი ვითარდება. 7 მილიარდის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურსა და მასთან მისასვლელ საავტომობილო და სარკინიგზო გზებში, ასევე რკინიგზის დამატებითი შესაძლებლობების გაზრდის ღონისძიებებში, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განვითარებაში, ახალი ავტობანების მშენებლობაში და სხვა სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის პროექტებში. შუა დერეფნის კონტექსტში საქართველოს როლის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითად ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელება ქვეყნის გამტარუნარიანობის პოტენციალს გაზრდის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
რატომ მცირდება ანაკლიის პორტის დაფინანსება ₾100 მილიონით?
ცნობისთვის, ანაკლიის პორტის პოტენციურ ინვესტორ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი CCCC-ი უპირატეს ინვესტორად 2024 წლის 29 მაისს გამოაცხადეს, მაშინ ითქვა, რომ ხელშეკრულება შერჩეულ კომპანიასთან უახლოეს პერიოდში გაფორმდებოდა, თუმცა დღემდე მოლაპარაკებები არ დასრულებულა.
რა ვადაში უნდა დასრულდება მოლაპარაკებები "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს რამდენიმე დღის წინ საუბრისას არ დაუკონკრეტებია. თუმცა თქვა, რომ “ აქვთ საფუძვლიანი მოლოდინი, რომ მოლაპარაკებები მალე დასრულდება”, ასევე აქვთ “საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ქვეყნის ინტერესები სრულად იქნება გათავალისწინებული”. ქვრივიშვილი დარწმუნებულია, რომ 2029 წელს პორტის პირველი ფაზა დასრულდება და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ტვირთების მიღებას შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფოს არსებული წილი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა.




























