ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს დირექტორის განცხადებით, მედიკამენტების ბაზარზე კომპანიების ქცევა სრულად დამოკიდებულია სახელმწიფო რეგულაციებზე. ამის შესახებ გოჩა გოგილაშვილი პარლამენტში „ფასების საპარლამენტო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატ ნინო წილოსანის კითხვას უპასუხა, რომელმაც კომპანიის წარმომადგენელს ჰკითხა, თუ რა ეთიკით და სტანდარტით მოქმედნენ ისინი, როდესაც ფასები თითქმის დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია.
გოჩა გოგილაშვილის თქმით, GM Pharma საქართველოს ბაზარზე დომინანტ მოთამაშედ ვერ ჩაითვლება, რადგან მისი წილი დაახლოებით 4%-ს შეადგენს. „Gm pharma არ ქმნის ამინდს საქართველოს ბაზარზე. მხოლოდ 4%-ია წილი საქართველოს ბაზარზე. სახელმწიფო რეგულაციის მიხედვით, როგორც არეგულირებს, ისე იქცევა ყველა კომპანია ბიზნესში. დააწესეს რეფერენტული ფასები და დაჯდა რეფერენტული ფასები. რაღაც პრეპარატები გავიდა ბაზრიდან. დღეს, 5 პრეპარატი, რომელსაც აწარმოებს GMP მინუსში [თვითღირებულებაზე დაბალ ფასად] ყიდის, რომელიც ზის რეფერენტულში და სოციალურ პროგრამაში ზის“, - თქვა მან.
ფინანსურ მაჩვენებლებზე საუბრისას, გოგილაშვილმა აღნიშნა, რომ 2023 წელს კომპანიის ბრუნვა 130 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო შემოსავალი 5 მილიონ ლარს. მისი თქმით, ჯამურად მარჟა 20%-ს არ აღემატებოდა.
ნინო წილოსანის დამატებით კითხვაზე, თუ როგორ ფორმირდება საბოლოო საცალო ფასი, კომპანიის დირექტორმა განმარტა, რომ ფასნამატი რეგულირებულია. მისი თქმით, დისტრიბუციის ეტაპზე ფასს საშუალოდ დაახლოებით 10% ემატება, ხოლო სააფთიაქო ქსელში - დაახლოებით 20% : „საბოლოოდ, თუ ყველა კომპანიის მონაცემს ერთად შევაჯამებთ, სექტორის რენტაბელობა დაახლოებით 6-7%-ის ფარგლებშია“, - განაცხადა გოგილაშვილმა.
მისივე თქმით, შედარებით იაფიან მედიკამენტებზე სახელმწიფოს მიერ დაშვებული ფასნამატი უფრო მაღალია და დაახლოებით 20-30%-ს აღწევს.




























