საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის „მეოთხე მუხლის კონსულტაციების“ მისიის დასკვნითი განაცხადში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება უნდა განაგრძოს და ნაბიჯები კონკრეტული მიმართულებით უნდა გადაიდგას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის დასკვნითი განაცხადი, წევრ ქვეყანაში სსფ-ს თანამშრომელთა ვიზიტის (მისიის) დასასრულს გასაჯაროებულ წინასწარ მიგნებებს წარმოადგენს. ეს მისია, რეგულარული, (ჩვეულებრივ ყოველწლიური), კონსულტაციების ფარგლებში შესრულდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წესდების IV მუხლითაა გათვალისწინებული და სსფ-ის რესურსების გამოყენების (სსფ-სგან სესხის აღების) მოთხოვნის, სსფ-ს თანამშრომელთა მიერ ქვეყნის პროგრამის მონიტორინგის ან ქვეყნის ეკონომიკაზე დაკვირვებისთვის არის აუცილებელი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმაში „არის სფეროები, სადაც შემდგომი წინსვლაა საჭირო“.
„ფისკალური რისკების მმართველობისა და ფისკალური გამჭვირვალობის ზრდისთვის მუდმივი ძალისხმევაა საჭირო. ქვეყნის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სახელმწიფო საწარმოთა ფინანსურ ზედამხედველობაში ფინანსთა სამინისტროს როლის გაზრდის მიმართულებით. ამ მუხტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობა და განცალკევდეს სახელმწიფოს როგორც მეწილის, რეგულატორის და პოლიტიკის შემქმნელის ფუნქციები სახელმწიფო საწარმოებში, ენერგეტიკის სექტორის გარდა, სადაც ეს უკვე განხორციელდა. ამასთან, სახელმწიფო საწარმოებში კორპორაციული მმართველობა უნდა დაიხვეწოს. სახელმწიფო საწარმოების ფისკალურ ანგარიშგებაში არსებული ხარვეზები უნდა გამოსწორდეს, განსაკუთრებით ეს ეხება სახელმწიფო სექტორს მიკუთვნებულ, არასაბაზრო, სახელმწიფო საწარმოებს, რომელთა საქმიანობას მაღალი ფისკალური რისკები ახლავს“, - ნათქვამია IMF-ის მისიის დასკვნით განაცხადში.




























