მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე სავალუტო ფონდთან 100%-იანი თანხმობა გვაქვს - ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელზეც საქართველო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას აგრძელებს სახელმწიფო საწარმოების რეფორმაა.

როგორც ხუციშვილმა ვაშინგტონში მიმდინარე სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებზე BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, ფონდისგან სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში მიიღეს და საქართველოს ხელისუფლებისა და IMF-ის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა.

მისივე თქმით, საწარმოებში განხორციელებული ოპტიმიზაციის შემდეგ რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტებია როგორც კორპორატიზაცია, ასევე ფინანსური ზედამხედველობა.

„სავალუტო ფონდთან ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს. ეს თანამშრომლობა მოიცავს ყოველწლიურ ფორმატში საქართველოს ეკონომიკის სიღრმისეულ შეფასებას. სულ ახლახან, ორი კვირის წინ იყო ფონდის მისია საქართველოში ჩამოსული, რომელმაც ძალიან პოზიტიურად შეაფასა საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ის რეფორმები, რომელსაც საქართველო ახორციელებს. ამ მიმართულებით სავალუტო ფონდი რჩება ძალიან აქტიური მხარდამჭერი ჩვენი რეფორმებისა და გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ტექნიკური დახმარების მისიები, რომლის მიხედვითაც ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, მივიღოთ ის ექსპერტიზა გარკვეულ რეფორმებთან მიმართებაში, რომლის საჭიროებაც ქვეყანას გააჩნია. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და მნიშვნელოვანი რეფორმა არის სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, სადაც ჩვენ უკვე მივიღეთ საბოლოო ანგარიში საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, რომელიც შეცვლილია და საბოლოო სახით არის ჩვენი შენიშვნების და კომენტარების გათვალისწინებით, რომელიც უკვე ჩვენთვის, სრულად მისაღებია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რეფორმის ნაწილში გვაქვს სრული, 100%-იანი თანხმობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.

ასევე აღინიშნა, რომ ის უკვე გადადგმული ნაბიჯები სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან მიმართებაში, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა ტიპის ოპტიმიზაციას, არის ძალიან დადებითად შეფასებული. ეს არის ერთი ნაწილი, თუმცა რეფორმას აქვს, საკმაოდ ბევრი კომპონენტი, გარდა ოპტიმიზაციისა, მათ შორის მართვის ნაწილში, მათ შორის ფინანსური ზედამხედველობის ნაწილში და ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები