"ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად მთავრობამ წელს ჯამში 700 მლნ ლარამდე დაზოგა.
"იმისათვის, რომ დამატებით შევუწყოთ ხელი ეკონომიკურ ზრდას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო სახსრების მაქსიმალურად ეფექტიანი, რაციონალური გამოყენება. მოგეხსენებათ, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გასული თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით ეს შეეხო სახელმწიფო საწარმოებს, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ არიან. მთლიანობაში წლიურ ჭრილში დანაზოგი, ეს ეხება როგორც უკვე განხორციელებულ, ასევე უახლოეს კვირებში დაგეგმილ ღონისძიებებს, 700 მილიონ ლარზე მეტია.
მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განვახორციელებთ პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო საწარმოში, თითქმის ყველას ხელმძღვანელი შეიცვალა. შეიცვალნენ ასევე ამ საწარმოების კურატორები. ამ ყველაფერმა მოგვცა საბოლოო ჯამში ცვლილებების განხორციელების საშუალება. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, წლიურ ჭრილში დანაზოგი აღწევს 700 მილიონ ლარს და მეტს. ეს შეეხება ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებს, რკინიგზას და სხვა საწარმოებს", - განაცხადა კობახიძემ.
უშუალოდ ენერგეტიკის სექტორში მოქმედ საწარმოებში დანაზოგი კობახიძის განმარტებით, 300 მლნ ლარს აჭარბებს.
"მინდა, შედარებით დეტალურად მოგახსენოთ ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ენერგეტიკის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების კადრების ოპტიმიზაციის შედეგად, მივიღეთ წლიურ ჭრილში 22.6 მილიონი ლარის დანაზოგი, რაც დამეთანხმებით, შთამბეჭდავი შედეგია. რაც შეეხება სხვა ხარჯების ოპტიმიზაციას, აქ საუბარია ტენდერებზე, მომსახურების ხარჯების შემცირებას და ა.შ. ამ ნაწილში ჯამურმა დანაზოგმა შეადგინა 348.6 მილიონი ლარი. აქედან ჩანს, რომ სწორი კადრებით და სწორი მიდგომით შესაძლებელია ხარჯთეფექტურობის თვისებრივად გაუმჯობესება. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს თანხები, ეს არის წლიურ ჭრილში დანაზოგი. ეს დაზოგილი თანხები მოხმარდება სწორედ იმ პროექტებს, რომლებიც ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაზე არის ორიენტირებული", - აცხადებს კობახიძე.
მისივე თქმით, გარდა საწარმოებისა, ოპტიმიზაცია განხორციელდა სამინისტროებშიც და ჯამში, ამ ყველაფერმა, მთავრობას მრავალი მლნ ლარის დაზოგვის საშუალება მისცა.
„როგორც მოგეხსენებათ, რეორგანიზაცია განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და აქაც, წლის ჭრილში, ჯამურად დაიზოგა 2 მლნ 641 ათასი ლარი, რაც ასევე შთამბეჭდავი შედეგია მთლიანი სახელფასო ფონდის გათვალისწინებით. ასევე, თავდაცვის სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია და დანაზოგმა შეადგინა 6 მლნ 463 ათასი ლარი. აქაც შთამბეჭდავი შედეგია. არამხოლოდ შეასუსტებს ეს ყველაფერი შესაბამისი სამინისტროების საქმიანობას, არამედ ეს ოპტიმიზაცია ხელს შეუწყობს, რომ სამინისტროებმა კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესონ საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი. ასევე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად, ჯამურად, დაიზოგა 2 მლნ ლარი. ასევე მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ინიციატივით, ყველა სახელმწიფო უწყებასა და საწარმოში გაუქმდა მრჩევლის ანაზღაურებადი თანამდებობა. ეს თანამდებობა გამოიყენებოდა იმისათვის, რომ კონკრეტულ ადამიანებს და არც თუ ისე მცირე იყო მათი რაოდენობა, მიეღოთ მაღალი ხელფასი მცირე დატვირთვის სანაცვლოდ, რაც არ არის მისაღები პრაქტიკა და შესაბამისად, ჩვენ ვუპასუხეთ ამ პრაქტიკას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით. მარტო ამ კანონის ამოქმედებამ ჩვენ მოგვცა სახელმწიფო უწყებებში და საწარმოებში, მთლიანობაში, მრავალი მლნ ლარის დაზოგვის შესაძლებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.




























