მხოლოდ სახელმწიფო სექტორში 3 ათასზე მეტ სტუდენტს 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ვთავაზობთ, რაც არის უმნიშვნელოვანესი მათი უნარებისა და ცოდნის გამოვლენისთვის, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადაცემაში „იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სტუდენტების სტაჟირების შესახებ კერძო სექტორთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება. მისი თქმით, სტუდენტების შერჩევის პროცესი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება.
"სტაჟირების პროგრამა ეხება საბაკალავრო საფეხურის კურსდამთავრებულებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეს მასშტაბური ინიციატივა წამოაყენა, რომელიც ასეთი მასშტაბის არასდროს ყოფილა. შეეხება 3 ათასზე მეტ ახალგაზრდას, სტუდენტს, კურსდამთავრებულს ყველა სახელმწიფო უწყებაში. ასევე, პარალელურად კერძო სექტორთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება. არის ინტერესი, მაგრამ აქ გასაგებია ნებაყოფლობით სურვილზეა ყველაფერი და შევხედოთ, რა მდგომარეობა გვექნება, მაგრამ მხოლოდ სახელმწიფო სექტორში 3 ათასზე მეტ სტუდენტს 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ვთავაზობთ.
შერჩევის პროცესს ვფიქრობთ, დავიწყებთ მიმდინარე წლის ივლისში, რომელიც ალბათ სექტემბრამდე გასტანს და პირველი სექტემბრიდან დაიწყება სტაჟირების პროგრამა, წლის ბოლომდე“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მან ასევე ისაუბრა, რა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან სტუდენტები სტაჟირებისთვის.
"ეს არის აკადემიური მოსწრება და ალბათ, ეს არის ერთ-ერთი სამართლიანი ინდიკატორი, თუმცა ამას სტუდენტების მოსაზრებების მიხედვით შევაჯერებთ, გარკვეული სხვა კომპონენტებიც დავამატოთ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს მაღალი აკადემიური მოსწრება. შემდგომ უკვე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სტუდენტებთან ერთად ამას განვიხილავთ, ეს არის სტაჟირების პროცესის შეფასების ინსტრუმენტები, ვინაიდან ეს შემდგომ მნიშვნელოვანია რეალურად გადავწყვიტოთ და ბევრი მათგანი დარჩება სახელმწიფო სამსახურში სტაჟირების შემდგომ“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.