მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო სტალინის მუზეუმის რეაბილიტაციას გეგმავს

სტალინის მუზეუმი

სახელმწიფო გორში მდებარე ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაციას გეგმავს, რომელიც დედაქალაქის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი მუზეუმია საქართველოში. უფრო კონკრეტულად, მუზეუმის მემორიალურ სახლსა და პავილიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება იგეგმება.

BM.GE-მ მეტი დეტალის გასარკვევად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართა, სადაც განუცხადეს, რომ რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ორი ტენდერი უარყოფითი შედეგებით დასრულდა.

უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტის განხორციელება დაგეგმილია მუზეუმის საკუთარი შემოსავლებით.

„ი.ბ.სტალინის სახელმწიფო მუზეუმის (შემდგომ - მუზეუმი) მიმართვების საფუძველზე, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, კერძოდ, ქ. გორში მდებარე სტალინის სახელმწიფო მუზეუმის მემორიალურ სახლსა და პავილიონზე გაცემულია სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ნებართვა.

ასევე გაცნობებთ, რომ მუზეუმის მიერ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოცხადებული ორი ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით, რადგან პრეტენდენტების მიერ ვერ დაკმაყოფილდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მუშაობის გამოცდილების მოთხოვნა, რის გამოც მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვა. აღნიშნული პროექტის განხორციელება დაგეგმილია მუზეუმის საკუთარი შემოსავლებით“, - აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცნობით, ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ტერიტორიაზე არსებული იოსებ სტალინის ბავშვობის საცხოვრებელი სახლის და ფანჩატურის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოებისთვის ტენდერი მიმდინარე წლის 11 თებერვალს გამოცხადდა, ხოლო წინადადების მიღება 24 თებერვალს დამთავრდა. პროექტის სავარაუდო ღირებულება კი 109430 ლარს შეადგენდა.

დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ ტენდერზე დაინტერესება მხოლოდ შპს "ველმარიმ" გამოხატა, რომელმაც აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაში 107107 ლარი მოითხოვა. თუმცა, როგორც ტენდერიდან ირკვევა, კომპანიამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები