დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ა.ბ. და ბ.ბ. დააკავეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
უწყების თანახმად, დაკავებულია 2 პირი, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებიდან თაღლითურად 9.4 მილიონ ლარს დაეუფლნენ.
ბრალდებულებმა 2023 წელს შპს ლაგი კაპიტალის მეშვეობით გაიმარჯვეს საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში. მათ ასევე ჰქონდათ ხელშეკრულებები სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა შესაბამისი სამუშაოები არ შესრულებულა. ჯამურად, ხელშეკრულებების ღირებულება 94.4 მლნ ლარს შეადგენდა.
"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებულია ორი პირი.
ბრალდებულებმა, ა.ბ.-მ და ბ.ბ.-მ, 2023 წელს, შპს „ლაკი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. დღეის მდგომარეობით, არც ერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა. ამასთან, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, გორის მუნიციპალიტეტში უნდა აშენებულიყო ერთი, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში – სამი სკოლა. ამ შემთხვევაშიც, არც ერთი სკოლა აშენებული არ არის. გამოცხადებული ტენდერების ხელშეკრულებების საერთო ღირებულება შეადგენდა 94 444 427 ლარს.
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, დაგეგმეს დარეგისტრირებულიყვნენ კვალიფიციური მიმწოდებლის რეესტრში, ეგრეთ წოდებულ „თეთრ სიაში“, რომელიც მიმწოდებელს ანიჭებს უპირატესობას, ისარგებლოს ავანსის მიღების გამარტივებული პროცედურებით. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულებმა ისარგებლეს აღნიშნული შეღავათებით, წარადგინეს მხოლოდ 50%-იანი საბანკო გარანტია, რა გზითაც თაღლითურად დაეუფლნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსად ჩარიცხული 11 218 380 ლარიდან 9 365 801 ლარს. თანხის უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაუფლებული თანხის ნაწილი – 1 211 000 ლარი, ფიქტიური დანიშნულებით გადარიცხეს ბრალდებულების სხვა კომპანიაზე, საიდანაც თანხები გადანაწილდა სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ პირებზე, რითაც მოახდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეების გამოვლენისა და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში სხვა დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციის მიზნით",- განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.
სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, შპს ლაგი კაპიტალი 2015 წელს დარეგისტრირდა. უახლესი ინფორმაციით, მისი დირექტორია ბესიკ ბერძენიშვილი, 100%-იან წილს კი ივანე გახელაძე ფლობს.




























