მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო უწყებებს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის უფლება მიენიჭებათ - რა იცვლება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში?

კულტურის კომიტეტი

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც კანონს ემატება რადიომაუწყებლობის ახალი მიმართულება - კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა, რომლის განხორციელების შესაძლებლობაც ადმინისტრაციულ ორგანოებს მიენიჭება.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობა ექნება განახორციელოს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა, რაც ხელს შეუწყობს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისათვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი და მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

"კულტურულ-საგანმანათლებლო რადიომაუწყებლობის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს თაობათა შორის ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას, დეცენტრალიზაციის პროცესის დაჩქარებას, ახალი კულტურულ-შემოქმედებითი იდეების დაბადებას, განვითარებას, ხორცშესხმასა და ჩვენი ქვეყნის კულტურულ სივრცეში აკუმულირებას", - წერია განმარტებით ბარათში.

დოკუმენტის თანახმად, კანონპროექტის დაფინანსების წყარო შესაძლებელია იყოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტი. პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს, სადაც მოიაზრება ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს, შესაძლებლობა ექნება განახორციელოს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა. რადიომაუწყებლობის ხარჯები კი ანაზღაურდება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან.

ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილება მიენიჭება განახორციელოს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა იმ შემთხვევაში, თუ ის დააკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის გათვალისწინებულ პირობებს და კონკურსის შედეგად, რომელსაც ატარებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გამოცხადდება გამარჯვებულად.

კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის საფასური 2000 ლარი იქნება.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები გიორგი გაბუნია და ნოდარ ტურძელაძე არიან.

ცვლილებებზე დღეს ერთპარტიული პარლამენტის კულტურის კომიტეტმა იმსჯელა.

„კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა განიმარტება შემდეგნაირად: ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული რადიომაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისათვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი და მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და რომლის მიზანი არ არის მოგების მიღება“, - განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ძირითად და გამომდინარე კანონპროექტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები