მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე. „ნამახვანი“ არის შავი ლაქა - ირაკლი კობახიძე

ENKA

"ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნამახვანი“ არის მძიმე, შავი ლაქა უახლეს ისტორიაში.

როგორც მან "იმედის" ეთერში დებატებისას განაცხადა, "ნამახვანის" პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე. თუმცა, მისი თქმით, ის ხარვეზები, რაც იყო წარსულში, აღარ იქნება დაშვებული მომავალში.

„თავის დროზე იყო ბევრი ხარვეზი, ეს ხარვეზები გამოჩნდა მათ შორის, ნამახვანის პროექტთან მიმართებით. სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი. დღეს სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, შესაბამისად, ის ხარვეზები, რაც იყო წარსულში, აღარ იქნება დაშვებული მომავალში. ამას ჩვენ დავაზღვევთ. ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისათვის ვართ აბსოლუტურად მზად“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ასევე იყო ძალიან მძიმე საბოტაჟი, რაც ქვეყანას ძვირი დაუჯდა.

"პოლიტიკური შეფასებით, ეს იყო ცალსახად საბოტაჟი, თუ ამას სამართლებრივი შეფასებაც მიეცემა, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. რაც შეეხება ენჯეოებს, მინდა გავიხსენო კონკრეტული ორი ენჯეო, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული პროტესტში. ეს იყო საია, EMC, ეს ორი ორგანიზაცია, რომელიც სხვა მიმართულებითაც ღია იყო შემჩნეული სახელმწიფოს საწინააღმდეგო, მტრულ საქმიანობაში და ისინი პირდაპირ ფინანსდებოდნენ უცხოური წყაროებისგან. მათ ეწოდებოდათ არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა სინამდვილეში, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ისინი იყვნენ უცხოური სამთავრობო ორგანიზაციები, რადგან პირდაპირ ფინანსდებოდნენ უცხოური მთავრობების მიერ, უცხოური წყაროებიდან. რაც შეეხება სახალხო პროტესტს, საუბარი იყო, რომ ყველანაირი სახალხო პროტესტი არის ჩვენთვის მიუღებელი, ამაში ვერ დაგეთანხმებით. პროტესტი როდესაც არის ბუნებრივი, ის მართლა სახალხოა ხოლმე. ჩვენ არაერთხელ გაგვითვალისწინებია სახალხო პროტესტის მოთხოვნები, მაგრამ სახალხო პროტესტი არ არის ის, როდესაც 150 კაცი კეტავს რუსთაველის გამზირს 300 დღის განმავლობაში. თქვენ იცით, რომ ამის საპირისპიროდ მიღებული იქნა კანონები, რომლებსაც დღეს უწოდებენ რეპრესიულ კანონებს. რა შუაშია აქ რეპრესიები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველომ „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანია ENKA-სთან საარბიტრაჟო დავა 2024 წლის დეკემბერში წააგო. განაჩენი საქართველოს მიერ 383 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებდა. ამასთან, ამ თანხას ემატება პროცენტიც (SOFR+4%) იქამდე, სანამ საქართველო განაჩენს სრულად არ აღასრულებს. ამ დროისთვის პროცენტთან ერთად კომპენსაციის მოცულობა 450 მილიონ დოლარს აჭარბებს. მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში კი, გასაჯაროვდა პარიზის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმად, ვიდრე საბოლოოდ არ დასრულდება საქართველოს მთავრობის მიერ თურქულ კომპანია ENKA-ს წინაშე წაგებულ საარბიტრაჟო საქმეზე განხილვა და არ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, არ მოხდება ENKA-ს სასარგებლოდ ICC-ის არბიტრაჟის განაჩენის შესაბამისად, დაკისრებული კომპენსაციის და მასზე დარიცხული პროცენტის დაუყოვნებლივი აღსრულება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები