მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სახელმწიფო ვერ გასცემს პასუხს ამა თუ იმ მოქალაქის ქმედებაზე“ - ხუციშვილი ფარცხალაძის სანქცირებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ამა თუ იმ პირის ქმედებაზე პასუხს ვერ აგებს. ასე ეხმაურება ის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.

„რაც შეეხება კონკრეტული პირის სანქციებთან და სანქცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. საქართველოს პოლიტიკა ყველასთვის არის ცნობილი სანქცირების აღსრულებასთან დაკავშირებით, და საქართველოს პოლიტიკა არის ის, რომ საქართველო ასრულებს ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს და ამის აღსრულება საქართველოში ხდება ძალიან ეფექტიანად. სანქციების აღსრულება რომ ძალიან ეფექტიანია, ამასთან დაკავშირებით ჩვენმა საზოგადოებამაც და მთელმა მსოფლიომაც მოისმინა ალბათ ჩვენი პარტნიორების, ძალიან მაღალი წარმომადგენლების მხრიდან, რომ საქართველო ასრულებს პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს და ამ ნაწილში არანაირი კითხვა არ არსებობს.

არანაირი სპეკულირების, ან რაიმე ორაზროვანი მოსაზრების საშუალებასა არ არსებობს. ამ ნაწილში ცალსახად გიდასტურებთ, რომ საქართველო ასრულებს საერთაშორისოდ დაწესებულ სანქციებს და ასე გაგრძელდება მომავალშიც. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფოსთან ნებისმიერი სანქცირებული პირის დაკავშირებას - ეს არის სპეკულაცია. იქიდან გამომდინარე, რომ არცერთი სახელმწიფო მსოფლიოში არ არის და ვერ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი პირის ქმედებაზე და ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, რომ თვითონ იმ ქვეყნებში, სადაც დაწესებული აქვთ სანქციები, ძალიან ბევრი მოქალაქე არის სანქცირებული ამა თუ იმ იურისდიქციის მიერ. შესაბამისად, ამ ნაწილში სახელმწიფო ვერ გასცემს პასუხს ყველა იმ პირის ქმედებაზე, რომელიც შეიძლება იყოს ამ ქვეყნის მოქალაქე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სანქციების აღსრულება საქართველოში ხდება და სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით არ ხორციელდება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

კითხვაზე, გაიყინება თუ არა ოთარ ფარცხალაძის უძრავ-მოძრავი ქონება, მინისტრმა ზოგადი პასუხი გასცა და განმარტა, რომ სანქცირებული პირების ქონება არ იყინება, პირს თავისი აქტივებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს, თუმცა გადარიცხვების მიმართულებით უწესდება შეზღუდვები. აქვე ხუციშვილმა აღნიშნა, რომ არ იცის, ამ მხრივ, რა ზომები გატარდება ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებით.

„ბევრი დეტალია და არ შევალ ამ საკითხთან დაკავშირებით. დამატებითი ინფორმაცია უნდა მივიღოთ. სანქციები დამოკიდებულია სანქცირების მიზეზზე და შესაბამისად, ამ საკითხზე შესაბამისი ორგანოები მუშაობენ. როცა დეტალები იქნება ცნობილი, აღსრულების პროცესიც შესაბამისად განხორციელდება“, - განაცხადა ხუციშვილმა. 

აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები