სახელმწიფომ ხონსა და წყალტუბოში არსებული 6 მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით კომპანია „ბი ეს გრუპს“ 3 471 900 ლარად გადასცა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებიდან ვიგებთ.
დოკუმენტის მიხედვით, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში, დიდ გუბსა და პატარა გუბში, ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 141 ჰა-ია. თითოეული ნაკვეთზე მითითებულია, რომ ეს სახნავი მიწებია.
სახელმწიფოს მიერ „ბი ეს გრუპს“ ქონება საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცემა. კომპანიამ თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 წლის განმავლობაში გრაფიკის მიხედვით უნდა დაფაროს. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით კომპანიას ევალება:
5 წელიწადში მიწის ნაკვეთებზე უძრავი ქონების ჯამური ფართობის 60%-ზე ერთწლიანი ან/და მრავალწლიანი ნარგავები უნდა გააშენოს, ეს შეიძლება მოიცავდეს ნარგავებს შორის გადასაადგილებელი ბილიკების/საირიგაციო სისტემის მოწყობას და არ მოიცავდეს სასოფლო-სამეურნეო თვითმავალი/მისაბმელი სპეცტექნიკის შეძენას. სოფლის მეურნეობის დარგში აღნიშნული ვალდებულებებისთვის „ბი ეს გრუპმა“ მინიმუმ 5 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ.
ამასთან, კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე პროექტისთვის გათვალისწინებული ინვესტიციის არანაკლებ 10% უპირობო გამოუხმობი საბანკო გარანტია წარადგინოს, რომლის ვადა ვალდებულებების შესრულების დროს 4 თვით უნდა აღემატებოდეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს უზრუნველყოფს საინვესტიციო პირობების შესრულებას.
კომპანია „ბი ეს გრუპი“ 2015 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი თამარ ბერიძეა.