სახელმწიფო შპს "გეო-ინდუსტრიას" სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს უცვლის. მთავრობის 29 ოქტომბრის განკარგულების თანახმად, ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა თანხმობა, რომ შპს "გეო-ინდუსტრიას" საკუთრებაში გადასცეს სენაკის სოფელ ხორშში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 372 112 კვ/მ სასოფლო სამეურნეო (სახნავი) მიწა, ვანის რაიონში მდებარე კომპანიის კუთვნილი ოთხი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ.
როგორც განკარგულებაში წერია, საუბარია „გეო-ინდუსტრიას“ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ოთხ ნაკვეთზე, მათ შორის სოფელ შუამთაში - 110 000 კვ.მ მიწა და სოფელ ტობანიერში არსებული 70 552 კვ.მ, 156 817 კვ.მ და 40 100 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ შპს „გეო-ინდუსტრია“ უარს იტყვის უძრავი ნივთების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის - 233 900 ლარის ანაზღაურების მოთხოვნაზე. ანუ კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთების საბაზრო ფასი უფრო მეტია სახელმწიფოს გადაცემული მიწის ნაკვეთის ფასთან შედარებით.
bm.ge დაუკავშირდა შპს "გეო-ინდუსტრიის" დირექტორს, ლევან გამგებელს, რომლის თქმითაც, ნაკვეთების გაცვლა მათი ინიციატივა იყო, ვინაიდან თავიანთ კუთვნილ მიწის 4 ნაკვეთზე, რომლებიც ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობდა, ადგილობრივების მხრიდან წინააღმდეგობა იყო, რომ იქ კომპანიას რაიმე გაეშენებინა.
"ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფოს გავუცვალეთ, 2006 წელს შევიძინეთ და მას შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობასთან გვაქვს პრობლემები, ისინი გვეუბნებოდნენ, საძოვრად ვიყენებთ და არ შემოხვიდეთო. ჩვენ კიდევ ტყემლის ან თხილის გაშენება გვინდოდა. ამიტომაც მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას - ან ადგილობრივებთან მოგვიგვარეთ საქმე ან ანალოგიურ ნაკვეთში გაგვიცვალეთ მეთქი. არ მინდოდა ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტი მქონოდა. სახელმწიფომ ასე გააკეთა. რაშიც გავცვალეთ, ის ხარისხით უფრო დაბალი ნაკვეთია", - აღნიშნა ლევან გამგებელმა.
მისივე თქმით, ახალ მიწის ნაკვეთზე კომპანია მოიაზრებს საქონლის საკვებისთვის ბალახის მოყვანას ან ტყემლის გაშენებას.
"მიწის ანალიზები უნდა გავაკეთოთ და ამის შემდეგ გადავწყვეტთ. რაც შეეხება ინვესტიციებს ახალ ნაკვეთზე, ამ საკითხზე ჯერჯერობით ვმუშაობთ და ზუსტად არაფერია გადაწყვეტილი", - აღნიშნა შპს "გეო-ინდუსტრიის" დირექტორმა.
ცნობისთვის, შპს „გეო-ინდუსტრია“ 2006 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მისი დირექტორი და 15%-იანი წილის მფლობელი ლევან გამგებელია, ხოლო 85%-ს თეა ნანიტაშვილი ფლობს.
აღსანიშნავია, რომ შპს „გეო-ინდუსტრიას“ საქმიანობა უკავშირდება თხილის ბიზნესს და ასევე კომპანია ფლობს „არიას“, რომელიც რძის პროდუქტებს აწარმოებს.




























