მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფომ ყველანაირად უნდა დაუჭიროს მხარი ფერმერს, რომ ამ ბიზნესიდან არ გავიდეს - ლაშა პაპაშვილი

ლაშა პაპაშვილი

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ქვეყანაში გაზრდილ საოპერაციო ხარჯებსა და ბიზნესგარემოში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. მისი განმარტებით, სამუშაო ძალის, ენერგომატარებლებისა და საწვავის ფასების მატება სექტორისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა ამ ეტაპზე კრიტიკულ საფრთხეს არ წარმოადგენს.

როგორც პაპაშვილი BMG-სთან აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესისთვის კომუნალური გადასახადები გაიზარდა, მისმა კომპანიამ ამ რისკის დაზღვევა ალტერნატიული ენერგიის წყაროებით მოახერხა. ბიზნესმენის თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის მატებას მის საწარმოო ხარჯებზე გავლენა პრაქტიკულად არ მოუხდენია.

„ჩვენ 75-80% მზის ენერგიაზე გადავედით. საბედნიეროდ მოვასწარით და პრაქტიკულად 2 მეგავატი გვჭირდება და ჩვენი ობიექტი მთლიანად უზრუნველყოფილი გვაქვს მზით“, - აცხადებს პაპაშვილი.

ბიზნესმენი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საწვავის, კერძოდ დიზელის ფასზე, რომლის მოხმარებაც პიკს ხვნა-თესვის პერიოდში აღწევს. პაპაშვილის თქმით, ფასების 20-30%-იანი ზრდა გასათვალისწინებელია და სახელმწიფოს მხრიდან მეტ ჩართულობას მოითხოვს.

„ჯერ ისეთი სწრაფი ზრდა არ დაფიქსირებულა, რომ ძალიან მტკივნეული იყოს, მაგრამ თუნდაც ის 20 და 30%-იც გასათვალისწინებელია სახელმწიფოსთვის - ყველანაირად უნდა დაუჭირონ მხარი ფერმერს, რომ არ გავიდეს ამ ბიზნესიდან“, - აღნიშნავს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის დაფინანსება საერთაშორისო პრაქტიკაა და განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

„ჟურნალისტები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ - 10 წლის განმავლობაში მიგიღიათ თქვენს ბიზნესებში რაღაც 7 თუ 8 მილიონი ლარიო... აბა, შეხედე ევროკავშირს და ამერიკას, რა დაფინანსებებია იქ - 100-ჯერ ჩვენზე მეტი დაფინანსება და სუბსიდია აქვს სოფელს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე სულ მინდა, რომ მეტი მხარდაჭერა, ნაკლები გადასახადი და მეტი შეღავათი იყოს“, - ამბობს პაპაშვილი.

რაც შეეხება ლოგისტიკურ ხარჯებს, ბიზნესმენის თქმით, ამ მიმართულებით მკვეთრი დარტყმა ჯერჯერობით არ იგრძნობა, რადგან აზიის ქვეყნებიდან მათთვის საჭირო პროდუქციის მოწოდება შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები