მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფოს კაპიტალური ხარჯები ბოლო 7 წელში 78%-ით გაიზარდა - TBC Capital

გზები

საქართველოში ინფრასტრუქტურის სექტორი ძირითადად საჯარო ფინანსებით იმართება, რადგან მსხვილმასშტაბიანი პროექტების უმეტესობა, მათ შორის მაგისტრალები, გზები, ხიდები, წყალმომარაგების სისტემები და საჯარო ობიექტები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

TBC Capital-ის ინფორმაციით, ბოლო წლებში სახელმწიფო კაპიტალური დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასე მაგალითად 2019 წლის 2.2 მილიარდი ლარიდან 2026 წლისთვის პროგნოზირებულ 3.9 მილიარდ ლარამდე, რაც ჯამში 78%-იან ზრდას ნიშნავს.

2025 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დროებით შეჩერდა, რამაც მშენებლობის ვადების გადაწევა გამოიწვია. ეს განპირობებული იყო ინფრასტრუქტურის დაფინანსების ცვლილებებით, რაც მოიცავდა შესყიდვების განახლებულ პროცედურებს და პროექტების მომზადება-დამტკიცების პროცესში კორექტირებას. 2025 წელს მთლიანი კაპიტალური დანახარჯები 4.1 მილიარდ ლარზე იყო პროგნოზირებული, თუმცა ფაქტობრივმა ხარჯვამ დაახლოებით 3.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილი ბიუჯეტის 75%-ია. 2026 წლისთვის კაპიტალური დანახარჯები 3.9 მილიარდ ლარზეა პროგნოზირებული, ხოლო 2027 წელს მოსალოდნელია მისი 5.5 მილიარდ ლარამდე ზრდა, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპის აღდგენაზე მიუთითებს.

საგზაო ინფრასტრუქტურა კვლავ რჩება სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების დომინანტურ კომპონენტად და 2026 წელს მთლიანი კაპიტალური დანახარჯების დაახლოებით 31%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის განათლებისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა, რომელთა წილი კაპიტალურ დანახარჯებში, 18%-სა და 8%-ია.

TBC Capital-ის მიმოხილვის თანახმად, რომელიც საქართველოში ინფრასტრუქტურის სექტორს ეხება, 2020-2022 წლებში სამშენებლო მასალების ფასები მკვეთრად გაიზარდა, რაც გლობალური მიწოდების შეფერხებებმა და ენერგორესურსებზე ფასების მატებამ განაპირობა. მშენებლობის დანახარჯების მთლიანი ინდექსი დაახლოებით 45–50%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ 2023–2025 წლებში ფასები დასტაბილურდა, ისინი კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება პანდემიამდელ ნიშნულს, რაც მშენებლობის მაღალ თვითღირებულებას განაპირობებს.

რაც შეეხება სამშენებლო მასალებს, ბიტუმის იმპორტის დინამიკა ინფრასტრუქტურული აქტივობის ტენდენციებს ასახავს. 2025 წლის 9 თვეში ბიტუმის მთლიანი იმპორტი წლიურად 27%-ით შემცირდა, რაც, TBC Capital-ის შეფასებით, სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შეფერხებას უკავშირდება.

2025 წლის 9 თვეში ცემენტზე მოთხოვნა წლიურად მცირედით, 2%-ით შემცირდა და 2.29 მილიონი ტონა შეადგინა. ამავდროულად, ასფალტ-ბეტონის წარმოებამ 1.24 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-იანი კლებაა. ესეც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შეფერხებით არის განპირობებული.

რაც შეეხება არმატურას, 2025 წლის 9 თვეში მოთხოვნა წლიურად 11%-ით შემცირდა (491 ათასი ტონიდან 435 ათას ტონამდე).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები