მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფოს მიერ აღარ იქნებიან ეს ადამიანები დაქირავებულები - კაკაურიძე სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამაზე

სოცდაუცველები

"თავიდანვე განცხადებული იყო, რომ ოთხწლიანი ციკლი უნდა ჰქონოდა ამ პროგრამას", - ეს "ქართული ოცნების" ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

საუბარია საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც წინა პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ამოქმედდა და ოფიციალური სტატისტიკით 2024 წლის ჩათვლით 40 ათასამდე პირი ჰყავდა დასაქმებული. 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის წარდგენის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას აჩერებს.

"გავიდა ოთხწლიანი ციკლი. დღეს უკვე, განსხვავებით იმ პერიოდისგან, როცა ეს პროგრამა დაიწყო (2021 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება და 2022 წელს დაიწყო), შრომის ბაზარზე პირიქით დეფიციტია. მაშინ უმუშევრობის მაჩვენებელი კოვიდიდან გამომდინარე, გაზრდილი იყო. დღეს ვხედავთ, რომ შრომის ბაზარზე დეფიციტია. ბევრი კომპანია სწორედ ამას ასახელებს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. შესაბამისად, ის რომ საზოგადოებრივ სამუშაოზე ეს ადამიანი დავასაქმოთ და შრომის ბაზარს კიდევ უფრო მეტი დეფიციტი შევუქმნათ, არ იქნება სწორი. თუ რაიმე დახმარება უნდა გავუწიოთ ამ ადამიანებს, ეს იქნება მხოლოდ მათი გადამზადება, იმისათვის, რომ სადაც დეფიციტი რეალურად არსებობს, შეეძლოთ დასაქმება", - ამბობს კაკაურიძე.

მისივე თქმით, არსებული ფორმით ეს პროგრამა აღარ გრძელდება. ანუ სახელმწიფოს მიერ აღარ იქნებიან ეს ადამიანები დაქირავებულები.

"სახელმწიფო აღარ იქნება ამ ადამიანების დამსაქმებელი. რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა საზოგადოებრივ სამუშაოზე სახელმწიფოს მხრიდან აღარ იქნებიან დასაქმებული და სახელმწიფო ხელს შეუწყობს ამ ადამიანების კერძო სექტორში დასაქმებას, საჭიროების შემთხვევაში მათი გადამზადებით და სხვა მიმართულებებით", - ამბობს გიორგი კაკაურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები