პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ჩარტერული რეისებით საქართველოს 558 მოქალაქე დაბრუნდა.
"საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე, 4 ჩარტერი დაორგანიზდა სახელმწიფოს მხრიდან ომანიდან და საუდის არაბეთიდან, ამის შედეგად საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე. ყველა რეისი სრულად დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან. მადლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მინისტრს მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება", - განაცხადა კობახიძემ.
ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. ირანმა საპასუხოდ არა მხოლოდ ისრაელზე მიიტანა იერიში, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებზეც. ამის გამო ჩაიკეტა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საჰაერო სივრცე, რამაც ავიამიმოსვლა შეაფერხა. თბილისის აეროპორტიდან ყოველ დღე ათეულობით რეისი უქმდებოდა სპარსეთის ყურის ქვეყნებში.




























