მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფოს მხრიდან პირველადი მოხმარების პროდუქტების პრიორიტეტიზაცია აუცილებელია – "ბიუ ბიუ"

ბიუ ბიუ

კომპანია „ბიუ ბიუ პლიუსის“ მმართველი პარტნიორის, ქეთი ვაშაკიძის განცხადებით, ქათმის ხორცზე მოთხოვნა საქართველოში მზარდია და ინდუსტრიის გაძლიერებისთვის აუცილებელია სახელმწიფომ პირველადი მოხმარების პროდუქტებს მეტი პრიორიტეტი მიანიჭოს. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ სურსათზე ფასების შემცირების რესურსზე საუბრისას განაცხადა.

"ქათმის ხორცი არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი პროტეინის წყარო, შესაბამისად საკმაოდ მოხმარებადი პროდუქტია და მზარდი მოხმარება აქვს. თუმცა, იმისათვის, რომ ეს ინდუსტრია განავითარო, მნიშვნელოვანია იყო კონკურენტული.

საქართველოს სახელმწიფო დიდ რესურსს დებს თუნდაც “აწარმოე საქართველოში”-ს ფარგლებში ბევრი წარმოების განვითარებაში, თუმცა აქაც სასურველი იქნებოდა პრიორიტეტიზაცია მოხდეს იმ პროდუქტების, რომელიც არის პირველადი მოხმარების პროდუქტი", – განაცხადა მან.

ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ ბაზარზე პროდუქტზე ფასების შემცირების რესურსი არსებობს, თუმცა აუცილებელია სწორი ფოკუსი. მისი თქმით, მრავალ პროდუქტზე ერთდროული კონცენტრაციის ნაცვლად, მიზნობრივი პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს.

"ზოგადად, ბაზარზე არაერთი პროდუქტის რეალიზაცია ხდება და ბევრ მიმართულებაზე ერთდროული კონცენტრაციის ნაცვლად, უმჯობესია ფოკუსი კონკრეტულ პროდუქტებზე გაკეთდეს, რომელთა ფასებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ჩვენი ხედვით, ეს უნდა იყოს პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომლებიც ნებისმიერი სოციალური ფენისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, კონცენტრაცია უნდა მოხდეს იმაზე, თუ რომელი პროდუქტის ფასებზე ვსაუბრობთ", – აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, საქართველოში პირველადი წარმოება პრაქტიკულად არ არის განვითარებული. ამ კონტექსტში მან კომპანია „ჩირინა“ გამონაკლისად დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ბაზრის სრულად დაკმაყოფილებისთვის ეს საკმარისი არ არის.

"„ჩირინას“ მეფრინველეობის სფეროში თანამედროვე და კონკურენტული წარმოება აქვს. თუმცა, ერთი კომპანია საკმარისი არ არის - ქვეყანაში ორი-სამი მსგავსი მასშტაბისა და სტანდარტის საწარმო რომ ფუნქციონირებდეს, ბაზრის მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკმაყოფილდებოდა", – განაცხადა ვაშაკიძემ.

მისი თქმით, დღეს ქათმის ხორცის ბაზარზე იმპორტი აქტიურია და ძირითადად დაბალფასიანი პროდუქცია შემოდის. როგორც მან აღნიშნა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, მათ შორის ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, გავლენას ახდენს იმპორტის სტრუქტურაზე.

"დღესდღეობით, ქათმის ხორცის მიმართულებით აქტიურად ხდება იმპორტი - ძირითადად საკმაოდ დაბალფასიანი პროდუქტების. აქ იყო საუბარი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე, როგორც ჩინეთთან ისე ბევრ სხვა ქვეყანასთან – მაგალითად ჩინეთში ნაკლებად შეიძლება მოთხოვნადი იყოს ფილე, ბრაზილიაში შეიძლება იყოს ბარკალი და საქართველო ხდება გარკვეულწილად ის ადგილი, სადაც ეს პროდუქტები შედარებით დაბალ ფასად შემოდის", – აღნიშნა კომპანია „ბიუბიუ პლიუსის“ მმართველმა პარტნიორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები