მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, შექმნას მაღალ ტექნოლოგიურ სტანდარტებზე დამყარებული შრომითი ბაზარი" - ნინო დობორჯგინიძე

ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე "ქართული ოცნების" უმაღლესი განათლების რეფორმას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შრომით ბაზარზე კვალიფიკაციის ასამაღლებლად არასწორ გზას ირჩევს.

ამის შესახებ ნინო დობორჯგინიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში "შრომის ბაზრის კვლევის" შედეგების წარდგენის შემდეგ ისაუბრა და გამოყო ის რეფორმები, რასაც სახელმწიფო რეალურად უნდა ატარებდეს ბაზრის გაუმჯობესებისთვის.

"საუნივერსიტეტო განათლების მხოლოდ ერთი ნაწილი შეიძლება იყოს ბაზრის კვლევა, რაც სჭირდება კერძო სექტორს. ხოლო სახელმწიფოს მისია იცით რა არის? ბაზარს რომ დაბალკვალიფიციური კადრები სჭირდება, აი ეს ბაზარი აქციოს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მაღალკვალიფიციურ ბაზრად. ეს არის სახელმწიფოს მოვალეობა.

შემდეგ უნდა შექმნას ხარისხის მართვის და კონტროლის სისტემა, ოღონდ ეს უნდა იყოს მერიტოკრატიულ საწყისებზე შექმნილი სისტემა და არა ისეთი, როგორც მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის შემთხვევაში, როცა საუკეთესო პროგრამებზე, საუკეთესო შეფასებების შემთხვევაშიც ავტორიზაციას არ აძლევენ.

კიდევ ვიმეორებ, ეს არის მთავარი მიზანი სახელმწიფოსი, თორემ ახლა ასე ბოთლის მბერავები და იაფფასიანი მუშახელი ყოველთვის დასჭირდება ბიზნესს, მაგრამ ეს არ არის უმაღლესი განათლების მთავარი მიზანი. სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, რომ მან შექმნას მაღალ ტექნოლოგიურ სტანდარტებზე დამყარებული შრომითი ბაზარი. ზუსტად ისევე, როგორც, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებში მოიქცნენ. და არა სახელმწიფომ, მთავრობამ ან განათლების სამინისტრომ შეითავსოს ხარისხის ეროვნული ცენტრის კონტროლის ამოცანა", - განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები