პარლამენტში ინტერპელაციის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო შეთანხმებაზე პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის გიორგი შარაშიძის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. კობახიძის განცხადებით, მხარეთა შორის საინვესტიციო დავას მისი წარმოშობის შემთხვევაში ციურიხის საარბიტრაჟო პალატა გადაწყვეტს.
"რაც შეეხება დავების განხილვის საკითხს, ბრიტანული სამართლის ქვეშ არის. რა თქმა უნდა თვითონ პროექტი ხორციელდება ქართული კანონმდებლობის ქვეშ საქართველოში. ანუ შესაბამისი დეველოპერული პროექტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ წარმოიშვა დავა ორ მხარეს შორის, ანუ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ამ შემთხვევაში მოქმედებს ბრიტანული სამართალი და ესეც არის საერთაშორისო პრაქტიკა და ციურიხის არბიტრაჟი განიხილავს შესაძლო ნებისმიერ დავას,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის წევრმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟებში მთავრობის მიერ წაგებული არაერთი საქმის გათვალისწინებით, Eagle Hills-თან გაფორმებულ კონტრაქტსაც წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა არბიტრაჟთან დაკავშირებული მრავალმილიონიანი რისკები ახლდეს თან.
"მინდა გთხოვოთ დაზუსტება შემდეგი რამის, რაც ეხება პოტენციურ დავებს, რადგან აქ საქმე გვაქვს საქართველოს გრძელვადიან ფინანსურ ინტერესებთან, რადგან ვიცით არბიტრაჟში წაგებული არაერთი საქმე და არბიტრაჟის მიერ დაკისრებული მილიონობით დოლარი. 2026 წლის ბიუჯეტში გიწერიათ, რომ 4.8 მილიარდი ლარია იმ პოტენციური დავების ფინანსური რისკი, რაც ამჟამად მიმდინარეობს. ამიტომ კითხვა მდგომარეობს შემდეგში თუ რა სამართლებრივ იურისდიქციაში ექცევა ეს კომპანია და დავების შემთხვევაში სად მოხდება ამ დავების გადაწყვეტა,"- განაცხადა შარაშიძემ.
დღესვე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ Eagle Hills-თან გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმების კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადება ინვესტორის ინტერესების დაცვისთვის განხორციელდა და რომ მსგავსი შეთანხმებებისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭება მიღებული პრაქტიკაა. როგორც კობახიძე აცხადებს, ეკონომიკის სფეროში ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ 1554 კომერციული საიდუმლოების სტატუსის მქონე შეთანხმება გაფორმდა და ამ მხრივ Eagle Hills-ის პროექტი გამონაკლისს არ წარმოადგენს.
"იგლ ჰილს საქართველო" 2025 წლის 28 აპრილს დაფუძნდა. მისი მფლობელი და დამფუძნებელი არის იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის ასევე UAE-ში რეგისტრირებულ Jaona Investment LLC-ის, რომლის დამფუძნებელი და მესაკუთრე არის მილიარდერი მოჰამედ ალაბარი. კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს ეგვიპტის მოქალაქე ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი იკავებს.
სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.




























