მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფოსთან პარტნიორობის მოდელი, შეიძლება მომავალშიც სხვადასხვა პროექტისთვის საინტერესო იყოს - ნადარეიშვილი

ირაკლი ნადარეიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, რომ მსხვილ ინფრასტრუქტურულ თუ ენერგეტიკულ პროექტებში კერძო ინვესტორის სახელმწიფოსთან პარტნიორობის მოდელი, რომელიც Eagle Hills-სთან გაფორმდა, მომავალშიც შესაძლებლობად მიიჩნევს. ამის შესახებ მან "ტვ იმედის" ეთერში განაცხადა.

ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, კომპანია „იგლ ჰილსთან“ მოლაპარაკებები 9 თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა და ეს იყო საკმაოდ რთული, მაგრამ ამავდროულად, საინტერესო პროცესი.

„ვფიქრობ, ასეთი მოდელი, სადაც სახელმწიფო პროექტის პარტნიორია, შეიძლება მომავალშიც სხვადასხვა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტებისთვის ძალიან საინტერესო იყოს, სადაც ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს უშუალო მონაწილეობა - ეს ადგმევინებს მას გარკვეულ ნაბიჯებს“, - აღნიშნა ნადარეიშვილმა.

პროექტებში სახელმწიფოს პასიური პარტნიორობის წარმატებულ მაგალითად მინისტრის მოადგილემ დაახლოებით ორი წლის წინ საქართველოში შემოყვანილი, რეგიონში პირველი ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი დაასახელა. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ამ პროექტშიც მონაწილეობს სახელმწიფო, როგორც პასიური ინვესტორი და მისმა მონაწილეობამ განაპირობა სწორედ ის, რომ დანარჩენი ინვესტორები არიან სრულად კერძო სექტორიდან, მათ შორის, ძალიან მაღალი კლასის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და რაც მთავარია, ამერიკული აქტივების მმართველი, რომელიც ტოპ-ხუთეულში შედის.

„აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია იმაზე, რომ სახელმწიფო შევიდა ბიზნესში და ასე შემდეგ, არის ნამდვილად ღიმილის მომგვრელი. „იგლ ჰილსის“ შემთხვევაშიც, ბიზნესის მართვას, რა თქმა უნდა, განახორციელებს თავად კომპანია, ეს მათი პრეროგატივაა და მათი ცოდნის საფუძველი, თუმცა, სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ყველა დონეზე - მაგალითად, სამეთვალყურეო საბჭოში, მმართველობითი მენეჯმენტის რგოლში, მაგრამ პასიური ფორმით. ამავე დროს, ჩვენ უზრუნველვყავით ისიც, რომ არის მთელი რიგი საკითხები, სადაც გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით ანუ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე გარკვეული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

მისივე განცხადებით, „იგლ ჰილთან“ გაფორმებული შეთანხმება სწორედ ინვესტორის მოთხოვნით გახდა კონფიდენციალური.

„უფრო მეტად იმის ახსნა გამიჭირდებოდა, ასეთი ტიპის ხელშეკრულება საჯარო რომ ყოფილიყო, რადგან მსგავსი პრეცედენტი უბრალოდ არ არსებობს. ეს არის კომერციული ხელშეკრულება, რომლის გასაჯაროების ინტერესი ვერანაირად ვერ ექნება „იგლ ჰილსს“, რომელიც, როგორც ვიცით, არაერთ ქვეყანაში ოპერირებს,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ და განმარტა, რომ მსგავსი შეთანხმებების პირობები შაბლონური და სტანდარტული ვერ იქნება, პირიქით, არის უნიკალური და შედეგი იმ მოლაპარაკებებისა, რომლებიც პარტნიორებს შორის ხდება ნებისმიერი კომერციული შეთანხმებისას.

„ეს „იგლ ჰილსის“ მოთხოვნაა. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას და რა თქმა უნდა, იქნა კიდეც დაკმაყოფილებული, თუმცა შეთანხმების ძალიან ბევრი დეტალი დღეს საჯაროა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა ძალიან ბევრ კითხვას უპასუხა იმ დეტალებითა და კონკრეტიკით, რომელიც ამ ხელშეკრულების ნაწილს წარმოადგენს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები