მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახეზეა ერთპარტიული ძალაუფლების გამყარება, რასაც შიდა დემოკრატიას და როტაციას არქმევენ - პრეზიდენტი

ზურაბიშვილი

პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი, – ასე დაიწყო პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ის ნაბიჯები ჩამოთვალა, რაც ,,ქართულმა ოცნებამ" 2023 წელს გადადგა. მისი თქმით, 2023 წელს, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ნაცვლად, ვიხილეთ ძალაუფლების არნახული გაძლიერება, რომელიც აისახა რუსული კანონის ინიცირებაში.

,,გამოწვევები არ დაგვკლებია დემოკრატიის კუთხით: 2023 წელს, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ნაცვლად, ვიხილეთ ძალაუფლების არნახული გაძლიერება, რომელიც აისახა რუსული კანონის ინიცირებაში. ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და მისი განიარაღების მცდელობა. დამარცხდა თუ არა ეს კანონი, მას მოჰყვა კანონი - ,,ეროვნული ბანკის შესახებ“, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა და ბოლოს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა. ამ უკანასკნელმა გამოაჩინა არამხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიუღებლობა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს სავალალო მდგომარეობაც.

ეს ყოველივე კი, მაშინ ხდება, როცა ევროპისკენ მიმავალი ქვეყნის მიზანი დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერება უნდა იყოს. მკვეთრად მოიშალა სახელმწიფო შტოებს შორის ის აუცილებელი ბალანსი, რაც დემოკრატიის ქვაკუთხედია. პარტიასა და მთავრობას შორის გამყოფი ხაზი აღარაა. ასევე, პარლამენტი მთავრობის ზედამხედველობისა და კონტროლის მაგივრად, მხოლოდ პარტიული პოლიტიკის გამტარებელი გახდა. ერთპარტიული სისტემა ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის შემდგომ, მიუხედავად 2012-2013 წლებში ხანმოკლე კოალიციური მმართველობის მცდელობისა, დაუბრუნდა ძველ, ერთპარტიულ, მონოლითურ მოდელს. ბოლო ცვლილებებიც ამ ხაზს მიჰყვებიან - ერთპარტიული ძალაუფლების სისტემის შენარჩუნებას და გამყარებას, რასაც პარტიის შიდადემოკრატიას, თუ როტაციის პრინციპს არქმევენ" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა როტაცია უწოდა მმართველი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიობაშილის გადასვლას და ირაკლი კობახიძის პრემიერად წარდგენას.

ცნობისთვის,პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატები, საპატრიარქოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები