"სახლები, რომლებიც რუსებმა გადაწვეს, ევროკავშირმა ააშენა", - ამის შესახებ აფხაზეთიდან დევნილი და "აფხაზური ამბების" დამფუძნებელი აცხადებს. როგორც გელა ხასაია აღნიშნავს, ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროექტით ეხმარება.
"სახლები, რომლებიც რუსებმა გადაწვეს, დასავლურმა ორგანიზაციებმა ევროკავშირის დაფინანსებით, რომლებიც განახლებას ექვემდებარებოდა, გააახლეს, ნაწილი კი თავიდან ააშენეს. ადამიანებს, რომლებიც 30 წელი რაღაცას ელოდნენ და ცუდ პირობებში ცხოვრობენ, ზუსტად ევროპულმა ორგანიზაციებმა მისცეს საშუალება, ნორმალურ პირობებში იცხოვრონ. ეს ჩემი მოგონილი არ არის, დაგუგლონ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ინფორმაციის ნახვა, გამჭვირვალეა",- აღნიშნა გელა ხასაიამ.
"აფხაზური ამბების" დამფუძნებლის თქმით, აფხაზეთში ევროკავშირის მიერ შესრულებული პროექტები ადგილზე მცხოვრებლებისთვის დამალულია. მისი თქმით, ბევრმა არ იცის, რომ გალიდან ენგურჰესამდე მისასვლელი გზაც ევროკავშირმა ააშენა.
"ვინც გალის რაიონში პირველად ქალთა უფლებები გააჟღერა, ევროკავშირია. ორგანიზაციები ეხმარებიან ოჯახის ძალადობის მხრივ დაზარალებულ ქალებს, ბავშვებს, შშმ პირებს სხვადასხვა პროექტით, ფინანსებით, წამლებით. ევროკავშირი არის აფხაზეთში ის ორგანო, რომელიც ამ რაღაცებზე ფიქრობს. არ მახსენდება რომელიმე აფხაზური ან რუსული ორგანიზაცია, რომელიც ამ თემებზე მუშაობს. ენგურჰესის მისასვლელი გზაც კი ევროკავშირის გაკეთებულია. გალსა და ენგურჰესს შორის საშინელი მისასვლელი იყო, 30 წელი არავის არაფერი გაუკეთებია და ეს გზა ევროკავშირმა ააშენა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობაზე არაერთი პროექტი გააკეთეს, მოქალაქეებს იდეების დაუფინანსეს", - განაცხადა გელა ხასაიამ.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული გელა ხასაია ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას ევროკავშირი ხელს უწყობს. მისი თქმით, ამ მიზნით წლებია არაერთი საგანმანათლებლო თუ კულტურული ღონისძიება ტარდება. გელა ხასაია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" ე.წ. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ევროპულ და ამერიკულ პროგრამებს აფხაზეთში საფრთხე შეექმნება.