3 თვეზე მეტი გავიდა, რაც ჯანდაცვის მინისტრის პოსტი მიხეილ სარჯველაძემ დაიკავა. მინისტრმა პოსტის დაკავების შემდეგ რამდენიმე შეხვედრა გამართა სექტორის წარმომადგენლებთან მათ შორის ჰოსპიტლების მენეჯერებთან, სადაც მთავარი მოთხოვნა DRG-ის დაფინანსების სქემის ცვლილებას ეხებოდა.
როგორც "კონსილიუმ მედულას" დირექტორი ნიკოლოზ ფრუიძე ამბობს, ამ ეტაპზე სექტორი ისევ გადაწყვეტილების მოლოდინშია. მისი თქმით, არსებობს დათქმა, რომ DRG-ის დაფინანსების არსებული ტარიფები კომბინირებული ოპერაციებისა და რეანიმაციის შემთხვევაში იქნება შეცვლილი.
ფრუიძე ამბობს, რომ პროცესებში ტემპი გადამწყვეტია, რადგან DRG-ის არსებული სქემით ზარალობს როგორც კლინიკა, ისე პაციენტი.
“გვქონდა აქტიური შეხვედრები ბატონ მინისტრთან და სამინისტროს ახალ მენეჯმენტთან. დაისახა გეგმები, ჩემთვის ცნობილია, რომ მუშაობს ჯგუფი, სადაც არიან დარგის წარმომადგენლები, ექსპერტები და სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც ცდილობენ გადალახონ ის გამოწვევები, რომელიც დარგში არსებობს მათ შორის DGR-ის შემოღების შემდეგ. დღევანდელ დღედ შემიძლია ვთქვა, რომ არის სიახლეები ონკოპაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფაში და ასევე ვვარაუდობთ, რომ DRG-ის ნაწილში, რომელიც შეეხება კომბინირებული ოპერაციების ჩატარებას და მოგეხსენებათ ონკოლოგიაში ეს ძალიან აქტუალურია ამ პრობლემის შესაძლო გადაჭრებზე არის ლაპარაკი. როგორც გვეუბნებიან, ახლო მომავალში უნდა იყოს ახალი ინფორმაცია.
ჩვენ ამით საკმაოდ დიდ ზარალს ვიღებთ. არავითარ შემთხვევაში არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ეს არის მხოლოდ სერვისპროვაიდერების, კერძო სექტორის ზარალი და პაციენტი არ ზარალობს. ეს ორივე მხარეს აზარალებს, ვინაიდან რთულდება რთული ოპერაციების წარმოება და რადგან დაფინანსების მეთოდები არ არის ეს ხელს უშლის როგორც საავადმყოფოს, ისე ექიმებს და პაციენტებს. ის პრინციპი, რაც უნდა არსებობდეს DRG-ში, რომ მოგებამ წაგება უნდა გადაფაროს ეს არ მუშაობს, იმიტომ რომ 2023 წელს შემოღებული პრინციპით მოგება პრაქტიკულად არ რჩება, რომ გადაიფაროს ზარალი. აქედან გამომდინარე ძალიან რთულია ამის დაბალანსება, შესაბამისად, 2023 წლიდან დღემდე ძალიან დიდი დრო არის და საკმაოდ დააზარალა სექტორი და პაციენტები”, - ამბობს ”კონსილიუმ მედულას" დირექტორი ნიკოლოზ ფრუიძე.