„რისკებს, რომ რაღაც კონკრეტული მიმართულება არის სასწრაფოდ შესაცვლელი DRG-ის თვალსაზრისით ან დაფინანსების კრიტიკული დეფიციტია, ამ ეტაპზე ასეთი ინფორმაცია სამინისტროს რომ ჰქონდეს, რა თქმა უნდა ამაზე ექნებოდა დაუყოვნებლივი რეაგირება, მაგრამ მიმდინარე სურათი სხვას აჩვენებს,“- ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, გასულ კვირას ჯანდაცვის კომიტეტში ექიმების მიერ DRG დაფინანსებაზე გადასვლის შემდეგ დადგენილ არასამართლიანი ტარიფების შესახებ განცხადებებს.
როგორც მათი საუბრიდან ირკვევა, DRG-ზე გადასვლამ განსაკუთრებით პრობლემები მაღალტექნოლოგიური და კომბინირებული ოპერაციების შემთხვევაში შექმნა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროს დაწყებული აქვს ხარჯების დეტალური ანალიზი, თუმცა თამარ გაბუნიას თქმით, ასეთი საკითხები არა ექიმების, არამედ კლინიკების ფინანსური მენეჯმენტის დონეზე უნდა განიხილებოდეს.
„ჩვენთანაც მოდის ინფორმაცია, რომ გარკვეული მიმართულებით ტარიფი შეიძლება იყოს ნაკლებად მიმზიდველი ბიზნესის კუთხით, თუმცა არის მიმართულებები, სადაც ტარიფები იმაზე უკეთესია, ვიდრე აქამდე იყოს.
მნიშვნელოვანია DRG -ის გამოყენების პირობებში კლინიკა განვიხილოთ მთლიანობაში, რადგან კლინიკა აწვდის სერვისების მთელ სპექტრს. ამდენად კლინიკის შემოსავალს მთლიანობაში რომ შევხედოთ, ვნახავთ რომ ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ტენდენციაა ფინანსური კუთხითაც, არამხოლოდ ერთი რომელიმე სერვისის დაფინანსების კუთხით. უმჯობესია ამ ტიპის საკითხები ფინანსური მენეჯმენტის, ასევე კლინიკების მენეჯმენტის მონაწილეობით იყოს განხილული, რადგან ექიმი, რეალურად თავად არ უნდა გრძნობდეს იმ უხერხულობას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს რომელიმე სერვისისთვის მისი აღქმით, არასაკმარისი დაფინანსების მოწოდებას.
ამდენად სამუშაოა მეტად კლინიკებთან და ამ პროცესს გავაგრძელებთ, რადგან სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს სრული მხარდაჭერა და მას რაც სჭირდება, ჩაატაროს სათანადო ხარისხით ოპერაცია, ეს კლინიკამ უზრუნველყოს, რადგან ჩვენ ხელშეკრულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გვაქვს კლინიკასთან. თუ კლინიკისთვის რისკის შემცველია ამ ხელშეკრულების დეტალები, ეს უნდა ვიცოდეთ“,- აცხადებს თამარ გაბუნია.