საკონდიტრო „დონა“ ბათუმში მესამე ფილიალს ხსნის. როგორც 21 წლის წინ შექმნილი ბიზნესის წარმომადგენელმა, თამილა ბეჟანიძემ გადაცემა "ქალების ნარატივში" განაცხადა, ახალი ფილიალის გახსნა დაახლოებით ორ კვირაში იგეგმება.
„ქალაქი ძალიან გაიზარდა, იზრდება ჩვენი საკონდიტროების მომხმარებელთა რაოდენობაც. ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაემატა ძალიან მჭიდროდ დასახლებული ახალი უბანი, რამაც განაპირობა ის, რომ ამ ტერიტორიაზე, კერძოდ ინასარიძის ქუჩაზე 2 კვირის მანძილზე გავხსნით „დონას“ მესამე ფილიალს და ამ უბნის მოსახლეობასაც ექნებათ წვდომა ჩვენს ტკბილეულზე.“ - აღნიშნა თამილა ბეჟანიძემ.
„ახალი ფილიალი მოცულობით შედარებით პატარაა, თუმცა უხეში დათვლით რამდენიმე ასეული ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს ძირითადი პრეტენზია, რაც მომხმარებელს „დონას“ მიმართ აქვს, ისაა, რომ „დონა“ მხოლოდ ბათუმშია. გეოგრაფიის ეს სიმჭიდროვე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი რამით აიხსნება, „დონა“ საოჯახო ბიზნესია, რომლის უკვე სამივე ფილიალის მართვაში ჩართულია ჩვენი ოჯახის ყველა ზრდასრული წევრი, ხოლო იმისთვის რომ სხვა ქალაქებშიც გავფართოვდეთ, არ გვყოფნის ოჯახის წევრები.“ - დასძინა მან.
საკონდიტრო „დონას“ მესამე ახალ ფილიალში 30-40 ადამიანის დასაქმება იგეგმება, ხოლო აქამდე არსებული ორივე ფილიალი 200-მდე ადამიანს ასაქმებს.
„დონამ“ ოპერირება 21 წლის წინ ბათუმში დაიწყო და დღეს უკვე მომხმარებლებს 100-მდე სახეობის ტკბილეულს სთავაზობს. აქ ნებისმიერი გემოვნების ადამიანი იპოვის თავის ტკბილეულს, იქნება ეს ვეგანური, დიეტური, ძველი გემოები, თანამედროვე თუ ა.შ.