საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობს, რეალობის საწინააღმდეგოდ გაამართლოს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროპულ მომავალს არ ართმევს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის "გარდამტეხი წელი" ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა. პრეზიდენტმა თქვა, რომ მას სჯერა, რომ მოსახლეობა თავის სიტყვას იტყვის არჩევნებზე.
"როცა გვაქვს „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის უახლესი გამოსვლები, რომელიც პრაქტიკულად ომს უცხადებს ჯერ ჩვენს პარტნიორებს და მათ ომის პარტიებს უწოდებს, მაგრამ ასევე ომს უცხადებს საკუთარ მოსახლეობას, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალებს, როცა წინასწარ აცხადებენ, რომ ისინი მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას (რაც მათი ოცნებაა) და პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავენ, ან მართლმსაჯულების სისტემაში გაატარებენ, რომელიც უკვე აღარ არსებობს. ჩვენ გუშინ და გუშინ წინ ვნახეთ საკონსტიტუციო სასამართლო, თუ როგორ ცდილობს ახლა მთელი რეალობის საწინააღმდეგოდ გაამართლოს, რომ რუსული კანონი ნამდვილად არ ართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს, რომ ის არ მოქმედებს ჩვენს მთავარ ორიენტაციაზე. ასე რომ, ეს ყველაფერი მიუღებელია.
ეს, პირველ რიგში, მიუღებელია ქართველი ხალხისთვის; და ქართველმა ხალხმა ქუჩაში გამოსვლით უკვე ორჯერ თქვა - შარშან და წელს ძალიან მკაფიოდ, რომ არ ეთანხმება იმას, რაც ამ ქვეყანაში ხდება; ისინი არ იღებენ საქართველოს ამ ახალ იმიჯს და რომ არ არიან მზად ამ ავტორიტარულ ახალ რეჟიმს და ძალაუფლებას დაემორჩილონ.
ქართველი ხალხის, ქართველი ახალგაზრდობის შემდეგი ნაბიჯი (მაგრამ არა მარტო ახალგაზრდობა. ჩვენ გვაქვს ტენდენცია ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ ეს ძალიან მასიური პროტესტი იყო) ისაა, რომ მოსახლეობა უნდა გამოვიდეს და იგივე თქვას ყველაზე დემოკრატიული მეთოდით, არჩევნებით. ეს არის გზა საქართველოს სტაბილურობისაკენ. მე არ ვარ მათ შორის, ვინც ამბობს: „აბა, ვნახოთ, რა იქნება არჩევნებზე და მეორე დღეს ვნახოთ, რა იქნება ქუჩებში". არა, რაც მოხდება, მოხდება არჩევნებზე, ბიულეტენებში. ამ ქვეყანაში არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია ხალხის ნება დაძლიოს. არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გააყალბოს არჩევნები იმ დონემდე, რომ წავიდეს საქართველოს მოსახლეობის ნების მასიური გამოხატვის წინააღმდეგ. მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა თავის სიტყვას იტყვის არჩევნებზე.
ასე რომ, როცა მკითხავთ - 'რა შეგვიძლია გავაკეთოთ', თქვენ ბევრი გააკეთეთ იმისთვის, რომ საქართველო იქ მისულიყო, სადაც არის და ბევრი გააკეთეთ მენტალიტეტის შესაქმნელად და მხარდასაჭერად, რადგან ვფიქრობ, რომ სიღრმისეულად ქართული მენტალიტეტია იყო თავისუფალი, დამოუკიდებელი და არ მიიღოს ავტორიტარული რაიმე ფორმა იქნება ეს შიდა თუ გარედან მომდინარე. თქვენ მხარს გვიჭერდით ინსტიტუტების მხარდაჭერით, სახელმწიფოს განვითარების მხარდაჭერით, ჩვენი ახალგაზრდებისთვის ევროპაში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობით, ევროპასა და ამერიკაში თავისუფლად სწავლის შესაძლებლობით, თქვენ დაგვეხმარეთ ქართველი ხალხის დამოუკიდებლობის უდიდესი ნების მხარდაჭერასა და კონსოლიდაციაში. ასე რომ, მე ვენდობი ქართველ ხალხს, ვენდობი რას იტყვის ის არჩევნებში ხმის მიცემით. ასე რომ, ამ საკითხში თქვენი საჭიროება არ დგას. თქვენ უნდა აკონტროლოთ; თქვენ უნდა იყოთ ყურადღებით და წარმომადგენლობითად, როგორც დღეს ხართ. მაგრამ გადაწყვეტილება ჩვენზეა. არჩევნების მეორე დღეს, თქვენ მე მიპოვით, რადგან მოგეხსენებათ, მე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან ვიმუშავე, რათა ყველა პროევროპული პარტია ქართული ქარტიის ირგვლივ გაერთიანებულიყო, რომელიც რეალურად ჩვენი გზაა ევროკავშირის ზოგიერთი რეკომენდაციის დასაკმაყოფილებლად და მოლაპარაკებების გასაახლებლად, გასახსნელად, როგორც ეს იყო ჩვენი პარტნიორების, უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში.
ეს ქარტია იმ კარის გასაღებია, რომელიც საქართველოსთვის უნდა გაიხსნას. როგორც კი ქართველი ხალხი ღიად დაუჭერს მხარს როგორც ქარტიას, ასევე ამ გზას, მე ვიქნები ამ ქარტიის ელჩი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან. ასე რომ, ევროპელებს მოუწევთ მოლაპარაკებების დაწყება რაც შეიძლება მალე და ჩვენ სწრაფად უნდა შევასრულოთ ის, რაც წერია ქარტიაში, რომელიც ძალიან დეტალურია. ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა უნდა შეასრულონ ,,მეგობარი აქტი", რაც ასევე ძალიან ნათლად ჩანს, რომ პოზიტიურ მხარეზეა. უარყოფითი ასპექტები არ არის ჩემი განსახილველი, მაგრამ დადებითი ასპექტები არის. მას შემდეგ რაც ქართველი ხალხი გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს, ჩვენ დაგვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, როგორც არასდროს, ჩვენი განვითარების შემდეგი ეტაპისთვის. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ სტაბილურ გარემოში და თქვენ გჭირდებათ საქართველო, რომელიც მტკიცედ დაუბრუნდება თავის დემოკრატიულ გზას, საქართველო, რომელიც არის სტაბილური პარტნიორი, საქართველო, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. თუ მსოფლიოს რუკას გადავხედავთ, ეს წელი მხოლოდ ჩვენთვის არ არის გადამწყვეტი; ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს გადამწყვეტია უკრაინისთვის და ყველამ ვიცით, რომ თავისუფალი სამყაროს მომავალი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში. ჩვენთან უფრო ახლოს, შავი ზღვის რეგიონის მომავალი - და ეს თქვენთვისაც მნიშვნელოვანია - დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში, მოლდოვაში და საქართველოში. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც შეგვიძლია ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს და ნატო-ს პარტნიორებს თავისუფალი, უსაფრთხო და თანამშრომლობითი შავი ზღვა შევთავაზოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასავლური სამყაროს მომავლისთვის, ევროპისთვის და ასევე შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ ყველანი ერთ სიტუაციაში ვართ. ჩვენ ჩვენი ნაწილი უნდა გავაკეთოთ, თქვენ კი თქვენი. მე ძალიან ოპტიმისტი ვარ, რადგან არ მჯერა ოცნებების, მაგრამ მჯერა იმის, რაც იყო ამ ქვეყნის ბედისწერა და რჩება ბედისწერად. ეს ქართველმა ხალხმა კარგად იცის."