„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით, 78 ხმით მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
კანონპროექტის თანახმად, საზღვაო გადაზიდვების განხორციელებაში ჩართულ მუნიციპალიტეტებს საკონტეინერო მომსახურებაზე ადგილობრივი მოსაკრებლის დაწესების შესაძლებლობა ეძლევათ. საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა არაუმეტეს 30 ლარით განისაზღვრება.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ხახუბიას განცხადებით, კანონში შესატანი ცვლილებების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საზღვაო გადაზიდვების განხორციელებაში ჩართულ მუნიციპალიტეტებს მისცეს შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი მოსაკრებლის დაწესების გზით, მათ საერთაშორისო ტვირთბრუნვის სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა შეძლონ.