მიმდინარე ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოფხვრისა და საჭიროებებზე დროული რეაგირების მიზნით საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა ამჯერად სვანეთში გაიმართა.
როგორც bm.ge-ის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ბაკურიანისა და გუდაურის შემდეგ სამუშაო შეხვედრა მესტიაში შედგა.
საკოორდინაციო შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მთის კუროტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თეიმურაზ გამცემლიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით საკოორდინაციო ჯგუფი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სამუშაო შეხვედრებს. სვანეთში საკოორდინაციო შეხვედრა ყველა უწყებასთან შედგა, რომელიც პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულია სამთო-სათხილამურო კურორტთან,ისევე როგორც ტურიზმთან. ჩვენ ადგილზე გავეცანით სეზონზე მიმდინარე გამოწვევებს,ისევე როგორც წარმატებით განხორციელებულ პროექტებს, რომელიც შესრულდა წინა სეზონის მოსამზადებელი პერიოდისთვის. ასევე მოვინახულეთ სათხილამურო ტრასები, ვნახეთ საკმაოდ ბევრი საერთაშორისო ისევე როგორც შიდა ტურისტი. იქიდან გამომდინარე, რომ სამთო-სათხილამურო ტრასები გამართულია და თოვლიც გვაქვს, მოვუწოდებ ყველა უცხოელ და ქართველ ტურისტს, იმოგზაუროს სვანეთში, ზამთრის სეზონზე”, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, უწყებები ზამთრის სეზონის განმავლობაში კოორდინირებულ რეჟიმში მოქმედებენ, რათა კურორტების მართვის ეფექტიანობა გაიზარდოს.
„სვანეთში გამართულ შეხვედრაზე ზამთრის სეზონზე არსებული გამოწვევები და მათი მოკლე ვადაში შესაძლო გადაჭრის გზები განიხილეს. საკოორდინაციო შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ენერგო-პრო ჯორჯიას ხელმძღვანელებთან ერთად სვანეთში ელექტრო ენერგიის გაზრდილ მოხმარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს და ელექტრო ენერგიის ჭარბი გამოყენებიდან გამომდინარე, შესაძლო შეფერხების დაფიქსირების შემთხვევაში მოქმედების სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს“, - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
მესტიაში გამართულ შეხვედრაზე წყალმომარაგების, გზების, პარკინგისა და სამედიცინო მომსახურეობის საკითხებზეც იმსჯელეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელთან თეიმურაზ გამცემლიძესთან ერთად თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსი მოინახულა.
„ორივე სათხილამურო არეალი ვიზიტორების მისაღებად მზად არის“, - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.