მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საკრედიტო რესურსის გამოყოფის ნაწილში ნაკლებად არის პრობლემები" - რა მოცულობის საგარეო დაფინანსებას ელოდება მთავრობა?

ბიუჯეტი

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე პარლამენტშია. მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს 30 სექტემბერს წარუდგინა 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია. პროექტს შემდეგ კვირებში პარლამენტში განიხილავენ, შენიშვნებით მთავრობას დაუბრუნებენ, ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას კი პარლამენტი დეკემბერში მიიღეს.

მომავალი წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა, წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 2026 წელს 3.6%-ის ფარგლებში იქნება.

ტრადიციულად ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჯანდაცვის სამინისტროს აქვს, რომელიც 2026 წელს 800 მილიონით იზრდება. ზრდა ძირითად საპენსიო ხარჯებს უკავშირდება. უკვე რამდენიმე წელია ქვეყანაში პენსია ინდექსაციით იზრდება. შესაბამისად, იანვრიდან 70 წელს გადაცილებული პირების პენსია 45 ლარით 495 ლარამდე იზრდება, 70 წელს ქვემოთ პირებისთვის პენსია 20 ლარით 370 ლარამდე იზრდება.

"პენსიების ნაწილში ახალი არაფერი გვაქვს, არის ის სტანდარტული მიდგომა, რაც აქამდე იყო დაწესებული და ამაში სიახლე არაფერია. ჩვეულებრივ სამომხმარებლო ფასების ზრდასთან მიმართებით ხდება ინდექსაცია პენსიების. საჯარო სექტორში ხელფასებთან დაკავშირებით, ასევე რა თქმა უნდა გვაქვს ის 10%-იანი ზრდა, რომელიც ასევე გამომდინარეობს წარსულში მიღებული გადაწყვეტილებიდან", - აცხადებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ეკონომისტი ვალერი კვარაცხელია.

ასევე იგეგმება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა. 2026 წელს ყველაზე დიდ დაფინანსებას ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, განათლების, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 800 მილიონით 9.6 მილიარდამდე იზრდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება პირველადი პროექტით 3.1 მილიარდი ლარია, აქ კლება გვაქვს 28 მლნ ლარით. განათლების სამინისტროს დაფინანსება 2.6 მლრდ ლარით განისაზღვრება, აქ კლება 469 მლნ ლარს შეადგენს. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1.8 მლრდ ლარი იქნება, 70 მლნ ლარით მეტი წლევანდელ გეგმაზე. 78 მლნ ლარით 1.4 მლრდ ლარამდე იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება.

ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, მომავალ წელს მთავრობა 23 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავს. ჯამში საგადასახადო გეგმა 1.1 მილიარდი ლარით იზრდება. ყველაზე მეტად 11%-ით იზრდება საშემოსავლო გადასახადის გეგმა და 8.1 მილიარდ ლარს აღწევს. მოგების გადასახადის 3%-ით 3.1 მილიარდ ლარამდე ზრდას ელოდება მთავრობა. დღგ-ის გეგმა კი 7%-ით გაიზრდება და 8.6 მილიარდი ლარი იქნება. 2%-იანი ზრდაა აქციზის მიმართულებით და 2.7 მილიარდ ლარს შეადგენს.

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ფიქრობს, რომ საგადასახადო შემოსავლების ნაწილში მხოლოდ 5%-იან ზრდა რომ არის ნავარაუდევი, ეს იმის მანიშნებელია, რომ “ქართული ოცნება” მძიმე წელს ელოდება. ხიშტოვანი ამბობს, რომ როგორც წესი, გადასახადების აკრეფის ტემპი მინიმუმ ორჯერ აღემატება რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.

"როგორც წესი აკრეფილი გადასახადების ზრდის ტემპი არის ორჯერ მეტი, თუ არა უფრო მეტი, ვიდრე ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ეს ლოგიკურია ინფლაციის ფაქტორის გათვალისწინებით. ზოგადადაც ეკონომიკა რეალურად თუ იზრდება რაღაცა ტემპით, სახელმწიფო ახერხებს იმაზე უფრო მაღალი ტემპით ნომინალში გადასახადების აკრეფას. წელს გვაქვს ეს უცნაური სიტუაცია. მაგალითად, ავიღოთ 2024 წელი წელი. 2024 წელს რომ გაიზარდა ეკონომიკა 9.4%-ით, ფინანსთა სამინისტრომ აკრიფა 18.9%-ით მეტი გადასახადი", - აცხადებს ხიშტოვანი.

რაც შეეხება საგარეო ვალს, მომავალ წელს “ქართული ოცნების” მთავრობა საგარეო ვალს 3.4 მილიარდ ლარამდე ზრდის. აქედან 1.4 მილიად ლარამდე ევრობონდის რეფინანსირებაზე მოდის, 2 მილიარდი ლარი კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად მოზიდული თანხებია. მომდევნო წელს ყველაზე მეტ კრედიტს მთავრობა კვლავ აზიის განვითარების ბანკისგან აიღებს. ბიუჯეტის პროექტით 79 მლნ ლარამდე იზრდება უცხოური გრანტების მოცულობაც.

"ბოლო პერიოდში საუბრის საგანი იყო დღეს არსებული ხელისუფლების ლეგიტიმურობა. ამ თვალსაზრისით უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე საკრედიტო რესურსის გამოყოფის ნაწილში ნაკლებად არის პრობლემები. ქართული სახელმწიფო ახერხებს ამ საგარეო დაფინანსების მოძიებას. რაც შეეხება დონორებს, ერთი რაც შესამჩნევია არის ის, რომ შემცირებულია ევროკავშირიდან გრანტები. თუმცა ევროკავშირის ცალკეული დაფინანსების მექანიზმებიდან ისევ გრძელდება საგრანტო დაფინანსება", - ამბობს კვარაცხელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები