სახელმწიფო პროგრამა „აწარმო საქართველოში“ ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, სესხების თანადაფინანსების პროგრამით 29 კომპანიამ ისარგებლა, ხოლო საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით 40 პროექტი დაფინანსდა.
ამის შესახებ მან საწარმო „მეგადორსში“ სტუმრობისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „მეგადრორსი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც სესხის სუბსიდირების გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლა, რაც 2 წლის მაგივრად სესხების 3-წლიან სუბსიდირებას და სესხების ლიმიტის 5 მლნ ლარიდან 10 მლნ ლარამდე გაზრდას გულისხმობს.
„რამდენიმე თვე გავიდა ახალი პირობების შემდეგ და უკვე 29 ახალი საწარმოს პროექტი გვაქვს სუბსიდირებული, სადაც ტრადიციულად ჭარბობს სამშენებლო მასალების, ლითონის წარმოება, ტექსტილი და ა.შ.“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
მიხეილ ხიდურელმა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმზეც ისაუბრა და ეკონომიკური საქმიანობის ის მიმართულებები გამოყო, სადაც ინტერესი ამ მექანიზმის მიმართ ყველაზე მაღალია.
„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში 40-ზე მეტი ახალი პროექტია დაფინანსებული, რაც ნიშნავს რომ ეს პროგრამაც სრულყოფილად მუშაობს და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ორივე მიმართულება ერთად ძალიან დიდ ეკონომიკურ შედეგს მოგვიტანს და იმ რეცესიის პირობებში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით.
მთავარი მიმართულება არის როგორც ახალი რესტორნების, ასევე არსებული რესტორნების სესხების რესტრუქტურიზაცია. კომპანიებს, ვისაც პანდემიის პირობებში ლიკვიდობის კუთხით გაუჭირდათ, მათ სესხებსაც 30%-ის თაანადაფინანსებით ვეხმარებით;
ამასთან, ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გვაქვს კოლაბორაცია, სადაც კვების გადამამუშავებელი საწარმოს შემთხვევაში სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეხმარება სესხის თანადაფინანსებით, ხოლო ჩვენ იგივე სესხს ვეხმარებით სესხის გარანტიით. ეს ძალიან კარგად დაინახა ბიზნესმა და მეორე ადგილზე რესტორნების შემდეგ არის კვების ინდუსტრია და ამას ტრადიციულად მოყვება სამშენებლო მასალების წარმოება, ტექსტილი, პლასტმასი და ა.შ“, - განმარტა მიხეილ ხიდურელმა.