მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საკურორტო ზონებში, სამშენებლო ნარჩენების განთავსების მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა“ - ჩხობაძე

ჩხობაძე

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის თქმით, ნარჩენების მართვის მიმართულებით აუცილებელია ახალი კანონქვემდებარე აქტების შემუშავება. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, სამშენებლო ნარჩენის მართვა გახშირებული მშენებლობების ფონზე გამოწვევაა ყველა მუნიციპალიტეტისთვის, განსაკუთრებით კი პრობლემებს საკურორტო ზონებისთვის ქმნის.

ჩხობაძე აცხადებს, რომ ნარჩენების უსისტემო განთავსება ხევებში წყალდიდობების პროვოცირებას იწვევს - „ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს პრობლემა, ეს უნდა მოგვარდეს მოსახლეობის ჩართულობით“ - აცხადებს ჩხობაძე და ამბობს, რომ აუცილებელია პროცესის სისტემური მართვა დაიწყოს.

„2-3 წლის წინ ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი, შემდეგ ჩატარდა კვლევა. გარემოს დაცვის კომიტეტში განხილვა იყო და შეტანილია ცვლილებები მოქმედ კანონში. დასაწყისში სამშენებლო ნარჩენი არ გვეწერა და შემდეგ ჩაიწერა, თუმცა მართვა მაინც ვერ ხორციელდება ისე, როგორც საჭიროა. წიწამურთან არსებულმა დაზიანებამ აჩვენა, რომ სისტემაში მართვის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები გვაქვს არა მარტო თბილისში და მის შემოგარენში, არამედ მთელ საქართველოში.

ჩვენ ვიცით რა ხდება ყველა მუნიციპალიტეტში, ყველას უჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ყველას აქვს გამოყოფილი ტერიტორიები მაგრამ რატომღაც ამ ნარჩენის განთავსება იმ ტერიტორიებზე არ ხდება. ძირითადში არის სტიქიური განთავსება, ხევებში, მდინარეებში. იპოვიან მშრალ ხევს და იქ ყრიან, მერე იწყება წყალდიდობების პროცესი, ან ღვარცოფული ნაკადების გაჩენა, იმიტომ რომ ეს ნარჩენი ამის პროვოცირებას აკეთებს და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა.

დეველოპერებმა უნდა იცოდნენ ნარჩენი სად უნდა გაიტანონ, უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ხელშეკრულება „თბილსერვის ჯგუფთან“ და თუ ამას ვიღაც არ აკეთებდეს, უნდა ხდებოდეს კონტროლი. მეორეა როცა სტიქიური რემონტების ფონზე არ იციან მოქალაქეებმა სად წაიღონ ნარჩენი და რატომღაც Google-ში ეძებენ მანქანას, რომელიც სად წაიღებს ამ ნარჩენს არავის აინტერესებს, მთავარია თავად მოიშორონ. თბილისში მშენებლობის შედეგად ნარჩენი ხშირად გააქვთ მცხეთის მუნიციპალიტეტში, ეს შორი არ არის? პასუხისმგებლობა საკუთარ ქალაქთან და თავთან უნდა არსებობდეს.

ბევრ ქვეყანას აქვს პრაქტიკა ნარჩენის ხელმეორედ გამოყენებისა. ჩვენ რაღაცას ვაკლებთ სისტემას და ვფიქრობ, ამაზე დამატებითი საკანონმდებლო აქტები უნდა შემუშავდეს. მარტო ჩვენი ორგანიზაციის მონაცემებია საკმარისი იმისთვის, რომ დავინახოთ რამდენად კატასტროფულია ყველა მუნიციპალიტეტისთვის ეს თემა.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ სამშენებლო ნარჩენის პოლიგონებთან დაკავშირებით, ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა გამოყოს ეს ტერიტორია. საკურორტო ზონებში სადაც მიდის ინტენსიური მშენებლობა ჰოსტელების, მოპირკეთება თუ სხვადასხვა მშენებლობა, იქ არის კატასტროფა“, - განაცხადა ჩხობაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები