მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საწარმოების დიდი ნაწილი ბინძურ წყალს პირდაპირ მდინარეებში უშვებს" - VORTEX Water Engineering

დაბინძურება მდინარე

საქართველოს მდინარეებში საწარმოების მხრიდან ჩამდინარე წყლებით დაბინძურების ხარისხი ყოველწლიურად იზრდება. რეგლამენტი, რომელიც ამ მიმართულებით საწარმოებისთვის კონკრეტულ მოთხოვნებს აწესებს არ სრულდება.

საწარმოო და არა საწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით მდინარეებსა და ხელოვნურ თუ ბუნებრივ წყალსაცავებში დაბინძურებული წყლის ჩაშვება არ შეიძლება. მათ შორის, კომპანიები ვალდებულები არიან ჩამდინარე წყლის ხარისხი კანონით დადგენილ კრიტერიუმებს ეთავსებოდეს.

წყლის სისტემების საინჟინრო კომპანია VORTEX Water Engineering-ის დამფუძნებლისა და დირექტორის შეფასებით დღეს ამ მიმართულებით კანონის აღსრულება არ ხდება, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

“საწარმოების უდიდესი რაოდენობა საქართველოში ბინძურ წყალს პირდაპირ უშვებს მდინარეებში, რაც ამცირებს ბაზრის მოცულობას. ისედაც ქართული ბაზარი არის ძალიან მცირე და თუ შევედრებით თუნდაც მეზობელ თურქეთს და იმ პირობებში, როდესაც საწარმოებს არ მოეთხოვებათ პასუხისმგებლობა მდინარეების დაბინძურებაზე ჩვენი ბაზრის შესაძლებლობა კიდევ უფრო დასუსტებულია, ”- ამბობს VORTEX Water Engineering-ის დამფუძნებელი და დირექტორი არჩილ ნასრაშვილი.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების სიმცირეა, არადა მისი თქმით, არსებული კანონმდებლობით წყალმოსარგებლე ვალდებულია აღნიშნული ნაგებობა ჰქონდეს.

“ვისაც კი გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა გაუვლია, ყველას აქვს ვალდებულება, რომ უნდა ჰქონდეს გამწმენდი ნაგებობა. ხდება დაბინძურება ჩვენდა საუბედუროდ. ევროკომისიამაც ჩაგვიწერა, რომ ვალდებულება კი დააწესე, მაგრამ აღსრულების მექანიზმი არ ჩანს,”- ამბობს საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

განახლებული კანონმდებლობა ძალაში 2026 წლიდან უნდა შევიდეს, რომლის მიხედვითაც სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა საწარმოები, რომლებსაც დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლები წარმოექმნებათ, გამწმენდი ნაგებობის უზრუნველყოფის ვალდებულება აქვთ, რაც საკმაოდ დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული.

წყლის სისტემების საინჟინრო კომპანია VORTEX Water Engineering-ის დამფუძნებლისა და დირექტორის შეფასებით საკითხზე ევროკავშირის ქვეყნებს 2 განსხვავებული მიდგომა აქვს, რომლის მეშვეობითაც ერთი მხრივ საწარმოების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება, თუმცა მეორე მხრივ სახელმწიფო ბიზნესს გარკვეულ შეღავათებს უწესებს.

“გამწმენდი სისტემების დამონტაჟება არის დიდ თანხებთან დაკავშირებული. ცხადია თუ ორგანიზაციას კანონი სრული სიმკაცრით არ მოსთხოვს ამ ინვესტიციის განხორციელებას, ორგანიზაცია ამ ინვესტიციას თავს აარიდებს სადამდეც შეუძლია.

ევროკავშირის ქვეყნებში ამ მიმართულებით არის ორი ტიპის დახმარება. ერთი არის გადასახადების შემცირება იმ ორგანიზაციებისთვის, ვინც უფრთხილდება გარემოს. ჩამდინარე წყლების გასუფთავება არის გარემოს პრეზერვაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. მეორე მიდგომა არის ის, რომ ხდება ბიზნესისთვის გადასახადის ჯამის შემცირება განხორციელებული ინვესტიციის ხარჯზე. იმის პროპორციულად თუ რა ინვესტიციის განხორციელება უწევს ორგანიზაციას ხდება გადასახადების შემცირება რაღაც პერიოდით. მას შემდეგ რაც შემოსავლები ხარჯებს სრულად დაფარავს, გადასახადები ძველ ნიშნულს დაუბრუნდება,”- ამბობს არჩილ ნასრაშვილი.

ცნობისთვის: წყლის არსებული კანონი ძალა დაკარგულად მას შემდეგ ჩაითვლება რაც წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი ძალაში 2026 წელს შევა. წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონით ნებისმიერი ოპერატორისთვის, რომელსაც რომელსაც საქმიანობის პროცესში წყლის გამოყენება ესაჭიროება, წყლით სარგებლობის ნებართვების აღების ვალდებულება უჩნდება. კანონს ასევე შემოაქვს ნებართვა, იმ ბიზნესებისთვისაც, რომლებიც გამოყენებულ წყალს მდინარეში აბრუნებს. გარდა გამწმენდი ნაგებობის ქონის ვალდებულებისა, ბიზნესს მოუწევს ნებართვის აღება, სადაც გაიწერება ის მოთხოვნები, რაც უნდა დააკმაყოფილოს იმისთვის, რომ გამოყენებული წყალი უკან დააბრუნოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები