მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკვებისა და სასმელების გამოფენა SIAL Paris 2026-ში მონაწილეობა 31-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო

პარიზი

პარიზში, საკვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე - SIAL Paris 2026, საქართველოდან 31-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ქართველი მწარმოებლები ღონისძიებაზე 3 თემატური პავილიონით იყვნენ წარმოდგენილნი - ინფორმაციას ინვესტიციების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მწარმოებლებმა საერთაშორისო აუდიტორიას საკვები პროდუქტების ფართო ასორტიმენტი წარუდგინეს, მათ შორის: თხილი, კაკალი, ნუში, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ლიმონათი, ალკოჰოლური სასმელები, გადამუშავებული ხილ-ბოსტნეული, თაფლი, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა.

გამოფენის ფარგლებში ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაემყარებინათ ახალი ბიზნესკავშირები და საკუთარი პროდუქცია უცხოელი მყიდველებისთვის გაეცნოთ. იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებთან გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლისა და არსებული არხების გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.

ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით მიიღეს.

როგორც ინვესტიციების სააგენტოში აღნიშნავენ, მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა მიზნად ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას, საერთაშორისო ბაზრებზე მეტ წვდომასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას ისახავს.

ცნობისთვის, SIAL Paris საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთი გავლენიანი გლობალური პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მწარმოებლებს, მსხვილ სავაჭრო ქსელებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და სასტუმრო-სარესტორნო (Horeca) სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.

საქსტატის თანახმად, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან საფრანგეთში 24.2 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 28%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

2025 წელს ჯამურად საფრანგეთში 50.5 მილიონი დოლარის პროდუქცია გაიგზავნა, რაც სულ მცირე 2020 წლის შემდეგ სტაბილურ ზრდაზე მიუთითებს:

  • 2020 წელი - $32.9 მილიონი
  • 2021 წელი - $34.3 მილიონი
  • 2022 წელი - $37.3 მილიონი
  • 2023 წელი - $46.1 მილიონი
  • 2024 წელი - $46.8 მილიონი
  • 2025 წელი - $50.5 მილიონი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები