"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ის სოციალურ ქსელ X-ში ქართველი ხალხის სახელით მთელი მსოფლიოს კათოლიკურ საზოგადოებას უსამძიმრებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება. ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მთელი მსოფლიოს კათოლიკურ საზოგადოებას”, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
რომის პაპის გარდაცვალების ფაქტს X-ზე გამოეხმაურა "ოცნების" არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც.
„ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიასა და მილიონობით მორწმუნეს მთელ მსოფლიოში.
რომის პაპი ფრანცისკე სამუდამოდ დარჩება მსოფლიო ისტორიაში, როგორც ღირსების, სიმდაბლისა და თანაგრძნობის სიმბოლო – მშვიდობისა და ერთიანობის მქადაგებელი, რომელიც შთააგონებდა და რწმენით ავსებდა ადამიანებს.
მისი სიმტკიცე, ურყევი ერთგულება და სამართლიანობა მომავალი თაობების შთაგონების წყარო იქნება. მარადისობას დარჩება მისი სახელი და ღვაწლი!“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.
პაპის გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოხატა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.
"ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც აღდგომის ორშაბათს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ.მქონდა პატივი, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ვწვეოდი და ჩვენს სახელმწიფოებსა და კულტურებს შორის კავშირების გასაძლიერებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებზე შევთანხმებულიყავი" - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში, დღეს გარდაიცვალა. ის რომის პაპი 2013 წლიდან იყო.




























