პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებსა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ესაუბრა.
გავრცელებული ინფორმაციით, მან ევროპელ ლიდერებს ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება გააცნო.
"საქართველოს პრეზიდენტი ესაუბრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პეტრ პაველს, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსოს, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩს.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს გააცნო ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება, რაც არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. შეთავაზება გულისხმობს შეხვედრას ორ მთავარ საკითხზე შესათანხმებლად, რაც არის ახალი არჩევნების თარიღი და ეუთო ოდირის დასკვნის საფუძველზე არჩევნებისთვის ახალი პირობების განსაზღვრა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.




























