სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია “ძლიერი საქართველოსა” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” მოლაპარაკებების პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავარი დამნაშავე ამ პროცესში უნდობლობა და ეჭვია.
როგორც პრეზიდენტი ამბობს, "მთელი პროცესის პოზიტივი ის არის, რომ ამ ქვეყანაში “მე და ჩემი ნაბადის” პოლიტიკა დამთავრდა და დამთავრდა ბიძინასთან ერთად".
“მცდელობა იყო და მგონი, დროულიც და აუცილებელიც. ის გამოცდილება, რაც მივიღეთ დაახლოებით 30 წლის მანძილზე დიპლომატიისა და, რაც მთავარია, მოლაპარაკებების, მეუბნებოდა, რომ არსებობდა დაკვეთა საზოგადოებისგან, რომ რაღაც გვექნა ყველას ერთად და მოგვეხერხებინა კონსოლიდაცია და არსებობდა შანსი და ეს შანსი მოლაპარაკებებში ძლიერდება ბოლოსკენ, როცა უკვე მეტი გასაქანი აღარ არის. ამიტომ, ეს მცდელობა იყო საჭირო. მცდელობა ნიშნავს, რომ გარანტირებული არასოდეს არ არის, რაღაც რისკი უნდა აიღო და რისკი ავიღე. არ გამოვიდა. მე აქ არ მოვსულვარ საჭორაოდ, რომ გითხრათ ვისი ბრალი იყო მოლაპარაკებების ჩაშლა, ალბათ, ყველასი და ამავდროულად, არავისი. უფრო იმ მოცემულობის ბრალი იყო, იმ წარსულის, რომელიც მძიმედ აწვება ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს პრაქტიკულად და მომავალიც იმიტომ, რომ ყოველთვის არის შიში, ვინ როგორ დაიცვას თავისი იდენტობა. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ხელისშემშლელი არის და იქნება იმიტომ, რომ არ გამოვსულვართ ამ მოცემულობიდან.
მაგრამ ორი მთავარი დამნაშავე ამ ყველაფერში არის ერთის მხრივ პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, კომპრომისების ძებნის კულტურა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არის მიჩნეული, როგორც სისუსტე. ჰგონიათ, ვინც უფრო მეტს დათმობს, ის უფრო სუსტია და ეს ნათელია, რომ ძნელი დასაძლევია წინასაარჩევნო პერიოდში. მეორე დამნაშავე ამ შემთხვევაში არის ის, რაც ჩვენ გვჭამს - უნდობლობა, ეჭვი, რომელიც გამძაფრებული არის ყველანაირი კონსპირაციული თეორიებით და ეს ყველას გვეხება, მათ შორის, მეც და ძალიან ძნელი არის, რომ გათავისუფლდე ამ ყველაფრისგან.
ეს აფერხებს ძებნას იმ აუცილებელი შეთანხმების, იმ აუცილებელი დათმობების, რომელიც საბოლოოდ ქმნის მოლაპარაკებაზე შედეგს. მოლაპარაკება არ შედგა და ჩვენ ვართ იმ მომენტში, როცა უნდა ვიყუროთ წინ და დავინახოთ, რომ ამ პროცესმა თავისი შედეგი მოიტანა. დავინახოთ პოზიტივი - ამ პარტიებს შორის განწყობები შეიცვალა და ის რაც გუშინ ძალიან რთული იყო, ნელ-ნელა მოლბა და, შეიძლება ითქვას, რომ ეს სამომავლო თანამშრომლობა უკვე ბევრად ადვილი არის და იქნება. ანუ, იქმნება ახალი პერსპექტივა, რომელიც გვაძლევს სურათს, რომ ცალ-ცალკე გადიან ეს პარტიები, მაგრამ ძალიან ნათლად ჩანს უკვე, რომ მიზანი არის ერთი - ამ დილით ხელმოწერილი იქნა მეოთხე პარტიისგან ეს ქარტია და ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აერთიანებს ამ ოთხივე პარტიას. სხვა გამაერთიანებელი არ არსებობს, ეს არის ცემენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის შეგნება, რომ ეს არის ცემენტი, ძლიერდება და ძლიერდება გარედანაც. ძალიან დასაფასებელია, რომ ის პარტიები, რომლებიც არსებობენ, მაგრამ არიან შედარებით ნაკლები წონის პარტიები, ამ ძალიან რთულ საარჩევნო გარემოში, მათ გამოაჩინეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა - მოვიდნენ, ქარტიაზე ხელი მოაწერეს, მაგრამ არჩევნებში არ მონაწილეობენ იმიტომ, რომ მიხვდნენ, რა იყო ის მახე, რომელიც მომზადებულია ხელისუფლების მიერ, რომ თუ 1%-ზე მეტი მიიღეს, მაგრამ 5%-ზე ნაკლები, ეს ხმები ნაწილდება და გადადის იმ შესაძლო პირველ პარტიაზე, რომელიც დღევანდელი მოცემულობით შეიძლება ჯერ კიდევ “ქართული ოცნება” იყოს, ყოველ შემთხვევაში, ეს იყო “ოცნების” გათვლა. იმ პარტიებმა, რომლებიც არ იყვნენ დარწმუნებული, რომ გადალახავდნენ 5%-იან ბარიერს, ეს ნაწილი დათმეს და აქ უკვე ჩანს ის დათმობის კულტურა, რომელიც შემოდის ჩვენთან. გადაწყვიტეს, რომ ქარტიის ხელმომწერები მაინც გამხდარიყვნენ, რადგან ეს ქარტია არის ის, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს ამ ქვეყნის მომავლისთვის. მთელი ამ პროცესის პოზიტივი ის არის, რომ ამ ქვეყანაში “მე და ჩემი ნაბადის” პოლიტიკა დამთავრდა და დამთავრდა ბიძინასთან ერთად”, - განაცხადა პრეზიდენტმა.