„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნორმა, რომელიც პარლამენტის საქმიანობას და უფლებამოსილების საკითხს შეაფერხებს, არ არსებობს. მან ამის შესახებ არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე კითხვის საპასუხოდ, მედიასთან განაცხადა.
მისი შეფასებით, სარჩელის მიზანი ხალხის მოტყუება და საპროტესტო მუხტის გაღვივებაა.
"მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების შეფერხების სამართლებრივი რეგულაცია საქართველოს კონსტიტუციასა და ქართულ კანონებში განსაზღვრული ამ შემთხვევაში არ არის. სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია, რომ შეაფერხოს ახლად არჩეული პარლამენტის საქმიანობა, ასეთი ნორმა არ არსებობს.
ჯერ ისიც ვერ გავიგეთ რით შედის. საკონსტიტუციო სასამართლოში დამოუკიდებლად ასე შედეგები, არჩევნები არ საჩივრდება, საჩივრდება ნორმა და თანამდევი საარჩევნო შედეგები, არჩევნები ან საარჩევნო პროცედურები და ა.შ
დაველოდებით რას ჩაწერენ, რას მოიფიქრებენ. წინასწარ გარანტიას გაძლევთ, რომ რეალურს ვერაფერს იმიტომ, რომ ისეთი ნორმა, რაც მათ მიზნებს დაემთხვევა კანონმდებლობაში არ არსებობს.
მიზანი არის ხალხის მოტყუება და რაღაც მანიპულაციები, რაც ქუჩაშია გადატანილი. ადამიანების ტვინების ოკუპაცია, რომ იქნებ რაღაც საპროტესტო მუხტი გააღვივონ და შეფერხებები შექმნან", - თქვა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევიდა. სალომე ზურაბიშვილმა სარჩელი 26 ოქტომბერს არჩევნებზე დარღვეული ფარულობის და საყოველთაობის პრინციპების გამო შეიტანა.