მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამ საკითხზე ვმსჯელობთ" - EU-ს რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტი შეხვედრა

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში მეორე შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობა სამ საკითხზე გაიმართება.

„პირველი საკითხი გახლავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მეორე საკითხია ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებული ნორმები და მესამე - საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობა,“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არის რჩევა და არა დირექტივა.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ეს გახლავთ რეკომენდაცია. ვენეციის კომისია არ არის მეორე პალატა და არ არის საქართველოს საკანონმდებლო ორგანო. საქართველოში კანონებს იღებს პარლამენტი, საქართველოში კანონები მიიღება ქართველი ხალხის სახელით, მათ მიერ არჩეული პარლამენტის მიერ. ჩვენ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, გვაქვს ერთი მიდგომა, რაზეც შეთანხმებული ვართ ევროკავშირთან - ჩვენ ან ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ან თუ არ ვითვალისწინებთ ვხსნით თუ რატომ არ ვითვალისწინებთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, ანტიკორუფციული ბიუროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები