მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამაცივრე მეურნეობებმა მომსახურებით ₾8 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს - როგორ გაიზარდა დატვირთვა I კვარტალში?

6464c99e71add
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.23 21:34
996
საქართველოში I კვარტალში სამაცივრე მეურნეობებმა მომსახურებით 8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით მეურნეობების რაოდენობა 13-ით გაიზარდა. შესაბამისად საქართველოში იანვარ-მარტში 210 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა.

საქსტატის სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის I კვარტლის ძირითადი შედეგების მიხედვით, სამაცივრეების უმრავლესობა - 67.6% შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქ. თბილისში (13.3%), ქვემო ქართლში (4.8%), აჭარის ა.რ.-ში (4.3%), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (3.8%), იმერეთში (3.3%), კახეთში (1.4%), მცხეთა-მთიანეთსა (1%) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (0.5%).

ამასთან, საანგარიშო პერიოდში სამაცივრეების დატვირთვა გაიზარდა, ხოლო დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა შემცირდა. კონკრეტულად კი I კვარტალში მომსახურება 344 მომხმარებელს გაეწია (2021 წლის პირველი კვარტალი - 295 მომხმარებელი). მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით - 787 ერთეული შეადგინა (2021 წლის პირველი კვარტალი - 550 ერთეული), ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 279 კაცით განისაზღვრა (2021 წლის პირველი კვარტალი - 1 309 კაცი).

2023 წლის I კვარტალის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 85.3 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 48.2% - ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 23% - ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 13.4% - თევზეული, 11.7% - ხილი და ბოსტნეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

საანგარიშო პერიოდში 2023 წლის I კვარტალში სამაცივრე მეურნეობებმა მომსახურების გაწევით 8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 66.6%-ით აღემატება, ხოლო მეურნეობებიდან გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 107.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 8.9%-ით მეტია.

სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 21.1%-ს - საკუთარი წარმოების, 13.4%-ს - შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 65.5%-ს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 8 მლნ ლარი შეადგინა.

2023 წლის I კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 107.5 მლნ ლარის ღირებულების (21.5 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ 23.6% შეადგინა, საკუთარი წარმოების პროდუქციამ - 35.9%, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ - 40.5%. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 60.4% ქათმის ხორცზე მოდიოდა.

ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (47.3%), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (33.5%) და თევზეულზე (11.1%) მოდიოდა.

საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 8.3 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 7.7%-ს შეადგენს. ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 54.2%-ს, თებერვალში - 48.8%-ს, ხოლო მარტში - 49.9%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები