"ტრაგედიაა, რომ ამ ქვეყანაში სამართალს სჭირდება დაცვა. სამართალს მზია ამაღლობელის ადვოკატები ვერ დავიცავთ. სამართლის დაცვა შეუძლია მოსამართლეს, მეტი - არავის" - ამის შესახებ ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, გამამტყუნებელი განაჩენი რომ დაადგინოს "მოსამართლემ ხელისუფლების ე.წ სპიკერებს უნდა უთხრას, რომ თქვენ სამართლის საკითხებს არავინ არ გეკითხებათ, ამას ჩვენ ვწყვეტთო".
"მთავარი კითხვა მქონდა მოსამართლესთან, აქვს მას იმის უნარი, რომ გაუძლოს სახელისუფლებო ზეწოლას, რომელიც პროცესის მიმდინარეობის პარალელურადაც კი ფეხდაფეხ მოგვსდევდნენ და ამტკიცებდნენ რომ ეს ძალიან მძიმე დანაშაულია და უნდა დაისაჯოს საგანგებოდ - აი ამაზე პასუხისგამცემი არის ეს მოსამართლე?! თუ ამაზე პასუხისგამცემი არ არის ეს მოსამართლე მაშინ ის მოსამართლე არ არის.
იმ შემთხვევაშიც კი გამამტყუნებელი განაჩენი რომ დაადგინოს მოსამართლემ უნდა უთხრას ხელისუფლების ე.წ სპიკერებს, თქვენ სამართლის საკითხებს არავინ არ გეკითხებათ, ამას ჩვენ ვწყვეტთ.
ბრალდებამ პროცესი დაასრულა და თქვა რომ არაფერი არა აქვს. თქვა რომ აბსურდს ითხოვს, მაგრამ ასევე თქვა, რომ გთავაზობთ საპროცესოს, იმიტომ რომ სხვა არჩევანი არ გაქვთო - ან მიიღებთ სასჯელს 4-დან 7 წლამდე ან აღიარეთ და დაიბრალეთ ის ყველაფერი, რაც ჩვენ ვერ დავადასტურეთ.
მზია ამაღლობელი ამბობს, რომ "მე არ ვითხოვ გულმოწყალებას, პატიებას, ჩავიდინე ის რაც ჩავიდინე მაგრამ ეს არ არის ის, რასაც თქვენ მაბრალებთ - ეს არ არის თავდასხმა პოლიციელზე“, - განაცხადა მან.
დღეს, 1-ელ აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა, თუმცა უშუალოდ მზია ამაღლობელს დასკვნითი სიტყვის თქმის საშუალება 4 აგვისტოს, 13 საათზე ექნება.




























