მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამართლებრივი დავის დასასრულებლად Goldman Sachs-ი $215 მილიონს გადაიხდის

646337fca54b0
გიორგი არონია
17.05.23 00:32
642

უოლ-სტრიტის ისტორიაში გენდერულ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კოლექტიური დავა დასრულდა. Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, Goldman Sachs-ი კომპენსაციის სახით $215 მილიონის გადახდას დათანხმდა. 

დავა, რომელიც თითქმის ცამეტი წელია მიმდინარეობს, სასამართლოში არ გადაინაცვლებს. კომპანიასა და დაზარალებულებს შორის მიღწეული შეთანხმება, საერთო ჯამში, Goldman Sachs-ის 2887 ამჟამინდელ და ყოფილ თანამშრომელს ეხება, რომლებიც საინვესტიციო ბანკინგის, მენეჯმენტისა და ფასიანი ქაღალდების მიმართულებით მუშაობდნენ. გარიგების დასრულების შემდეგ, სამართლებრივი დანახარჯების გამოკლებით, თითოეული დაზარალებული დაახლოებით $47 ათასს მიიღებს, მაგრამ ამისთვის სასამართლოს დასტურია საჭირო.

“ამ შეთანხმებით ყველა ბედნიერი და ამაყია, რადგან ამაში ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ”, - განაცხადა დაზარალებულების უფლებადამცველი კომპანიის, Lieff Cabraser Heimann & Bernstein-ის პარტნიორმა, ენ შავერმა. “ეს კაზუსი სხვა ადამიანებს ხმის ამოღებისკენ უბიძგებს”.

ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეთანხმება Goldman Sachs-ის მიერ ბრალის აღიარებას არ მოიაზრებს. შეგახსენებთ, რომ გენდერული დისკრიმინაციის დავებში გარიგებები, ამ დრომდე, სხვა უმსხვილეს ბანკებსაც გაუფორმებიათ, მათ შორის Bank of America-ს, Citigroup-სა და Morgan Stanley-ს. ასეთი ტიპის სამართლებრივი დავები განსაკუთრებით გახშირდა სოციალური მოძრაობის, #MeToo-ს წამოწყების შემდეგ, რომლის ფარგლებში ათიათასობით ქალმა სამუშაო სივრცეში გენდერულ და სექსუალურ ძალადობაზე ღიად დაიწყო საუბარი.

შეგახსენებთ, რომ ეს დავა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც Goldman Sachs-ის ყოფილმა აღმასრულებლებმა, კრისტინა ჩენ-ოსტერმა და შანა ორლიჩმა ბანკი გენდერულად მოტივირებული არათანაბარი სახელფასო პრაქტიკის დაწესებაში დაადანაშაულეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები