სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძარში ტერორისტული აქტების შესახებ განხორციელებული ცრუ შეტყობინებების ფაქტზე უწყებამ არასრულწლოვანი პირი ამხილა.
სუსის განცხადებით, შემთხვევა 22 მარტს მოხდა. უწყების ცნობით, დაახლოებით 14:30 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ორი ანონიმური ზარი შევიდა.
სუს-ის განმარტებით, ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების ტაძრის მიმდებარედ, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ტაძრის ტერიტორია დანაღმული იყო თუ 20 წუთში ევაკუაცია არ მოხდებოდა, აფეთქებას განახორციელებდა.
გამოძიების ვერსიით, ზარების ინიციატორმა კვალის დაფარვის მიზნით გამოიყენა ხმის შესაცვლელი პროგრამა, უცხო ქვეყნის ვირტუალური ნომერი და დაფარა საკუთარი IP მისამართი.
ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი პირის იდენტიფიცირება იმავე საღამოს შეძლეს. სუს-ის ცნობით, ამოღებულია მობილური ტელეფონები, ლეპტოპები და სხვა მტკიცებულებები. უწყების განცხადებით, არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის კონტრტერორისტულ ცენტრს გააჩნია ყველა პირობა, მათ შორის თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და იდენტიფიცირებისთვის. ვაფრთხილებთ ყველას, თითოეულ მსგავს ფაქტზე იქნება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
არასრულწლოვანს ბრალდება წარედგინება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



























