მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამედიცინო ჰოლდინგს საავადმყოფოების 100%-იანი წილი კაპიტალ-მეთოდით გადაცემული არ აქვს" - რას ნიშნავს ეს?

აუდიტი

"საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს საავადმყოფოების 100%-იანი წილი კაპიტალ მეთოდი გადაცემული არ აქვს" - ამის შესახებ აუდიტი წერს, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, 2020-2021 წლებში ჰოლდინგს საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, არსებობის ვადით, სიმბოლურ ფასად − 1 ლარად, პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით, 6 სამედიცინო დაწესებულება გადაეცა .

ესენია: შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“, სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“, სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“.

ასევე საქართველოს მთავრობის განკარგულებითა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, ზემოაღნიშნული ორგანიზაციის აქციებისა და შპს-ების 100%-იანი წილი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლური ფასად − 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცა ჰოლდინგს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2021 წლის ბრძანების საფუძველზე, ჰოლდინგმა, როგორც მართვის უფლების მიმღებმა უსაყიდლოდ არსებობის ვადით, მართვის უფლებით მიიღო კიდევ ორი
საავადმყოფოს 100%-იანი წილი. (შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ და შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო)

ასევე: 2021 წელს სამინისტროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მართვის უფლებით პირდაპირი გადაცემის ფორმით, არსებობის ვადით, უსასყიდლოდ გადაეცა სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების 100%.

აუდიტი წერს, რომ აღრიცხვის ინსტრუქციის მიხედვით, საჯარო სექტორის კომერციულ ერთეულებში არსებული წილების ასახვისათვის გამოიყენება კაპიტალ-მეთოდი (სსბასს 36, მუხლი 8) რაც ჰოლდინგში განხორციელებული არ არის.

ამასთან, აღსანიშნია რომ წინა პერიოდის ფინანსური აუდიტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაცია, მხოლოდ ცენტრალური აპარატის მიერ არასწორად იქნა გათვალისწინებული.

2022 წელს ცენტრალურმა აპარატმა აღიარა სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ წილი − სააქციო კაპიტალის ოდენობით, ამასთანავე, წილი არ არის კორექტირებული 2022 წლის ფინანსური შედეგის შესაბამისად.

აღრიცხვის ინსტრუქციის მიხედვით განსაზღვრულია სსბასს-ის სავალდებულო მოთხოვნების გამოყენებიდან გადახრის საფუძვლები, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სავალდებულო მოთხოვნის შესრულება, ერთეულმა აღნიშნული ფაქტი უნდა გაითვალისწინოს სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებისას და გაამჟღავნოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში, შესაბამისი გადახვევის მიზეზის ახსნით.

სამინისტროში არ არის შემუშავებული აღრიცხვის ინსტრუქციის შესაბამისი ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკა, რომელშიც ახსნილი იქნებოდა სტანდარტის მოთხოვნებიდან გადახრის მიზეზები; ასევე კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში სახელმწიფო საწარმოებში არსებული ინვესტიციების აღრიცხვაზე დაშვებულია სტანდარტებით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნებიდან გამონაკლისი/გადახრა, რომელიც სათანადოდ არ არის დასაბუთებული.

შედეგად, აუდიტმა ვერ მიიღო რწმუნება 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „გრძელვადიანი ფინანსური აქტივების“ საბოლოო ნაშთის − 9,088,487 ლარის სისრულესა და სისწორეზე.