ჯანდაცვის ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პრემიერისგან მიიღო ინსტრუქცია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამედიცინო საზოგადოების მეტ ჩართულობასთან დაკავშირებით.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობის მთავარი მახასიათებელი მაქსიმალური გახსნილობა იქნება.
“მინდა მთლიანად სამინისტროს წარმატება ვუსურვო, მინდა რაც შეიძლება სწრაფი, ხელშესახები რეზულტატები ჰქონდეს. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, უპირველესი ინსტრუქცია, რომელიც მიღებული მაქვს პრემიერ-მინისტრისგან, გახლავთ გადაწყვეტილებების მიღება, როგორც სამედიცინო საზოგადოების, ისე დაინტერესებულ პირთა მეტი ჩართულობით და მაქსიმალურად გახსნილობა, ეს ჩვენი მუშაობის მთავარი დამახასიათებელი იქნება. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ალბათ დამჭირდება გარკვეული დრო რეალურად არსებული მდგომარეობის გასაცნობად და უახლოეს მომავალში შემეძლება ინფორმაცია მოგაწოდოთ, როგორია ცალკეული პრობლემების გადაჭრის სამოქმედო გეგმა”,- განაცხადა სარჯველაძემ, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროში წარადგინა.