პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრი ფართო კონსულტაციების საფუძველზე შეარჩია.
კობახიძემ ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც ახალი მინისტრი წარადგინა, ჟურნალისტებთან მიხეილ სარჯველაძის შერჩევის ორ მთავარ კრიტერიუმად კომპეტენცია და კეთილსინდისიერება დაასახელა. პრემიერი მიიჩნევს, რომ სარჯველაძე “საუკეთესო მინისტრი იქნება”.
“დღეს სამინისტროში წარვადგინე ბატონი მიხეილ სარჯველაძე. მქონდა შეხვედრა სამინისტროს წარმომადგენლებთან. ვისაუბრე მათ შორის იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. გვქონდა საკმაოდ ფართო კონსულტაციები, ინდივიდუალური კონსულტაციები, ვიდრე არჩევანი ბატონ მიხეილზე შეჩერდებოდა. მთავარი კრიტერიუმი, რითაც ვისარგებლეთ, არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება, რაც განსაკუთრებულად გამოარჩევს ბატონ მიხეილს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ის იქნება საუკეთესო მინისტრი, რომელიც არაჩვეულებრივად გაუძღვება საქმეს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პროფესიით სამართალმცოდნე მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა. ის აქამდე საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის მოქმედი დეპუტატი იყო, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით. სარჯველაძე ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.