საქსტატის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში არსებული 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელთა 64% დედაქალაქში მდებარეობს, 187 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. სტუდენტების საერთო რაოდენობაში კი 20% უცხოელებზე მოდის, რომლებმაც საქართველო განათლების მისაღებად აირჩიეს.
განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში უცხოელი სტუდენტების მასობრივი შემოსვლა განსაკუთრებით შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც საქართველო სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის წევრი გახდა. განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე BMG-სთან ამბობს, რომ 37 000 უცხოელი სტუდენტიდან, 30 000 სამედიცინო მიმართულებაზე სწავლობს. მისი შეფასებით, აუცილებელია, რომ ამ კუთხით მხოლოდ მზარდ შემოსავლებზე არ გაკეთდეს აქცენტი და ხარისხსაც მიექცეს ყურადღება, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ჯანდაცვის პროგრამებს ეხება.
“რისკები ჩნდება იმ რაოდენობის უცხოელ სტუდენტებთან მიმართულებით რაც დღეს გვყავს. ვერცერთი ქვეყანა ვერ უძლებს საერთაშორისო სტუდენტების იმ რაოდენობას, რაც საქართველოს დღეს ჰყავს. თუ ავიღებთ სამედიცინოს სფეროს, ამ მიმართულებით საქართველოში დღეს არის 40 000 სტუდენტი, საიდანაც 30 000 არის საერთაშორისო სტუდენტი, ანუ სამედიცინო განათლებაზე, სტუდენტების 75% არის საერთაშორისო სტუდენტი და ინტერნაციონალიზაციის ხარისხი არის ძალიან მაღალი, რომლის გამკლავებასაც სჭირდება ძალიან დიდი რესურსი.
თუ კერძო სასწავლებლებს ავიღებთ, 80 000 სტუდენტი ჰყავთ ყველა პროგრამაზე, აქედან 30 000 არის საერთაშორისო სტუდენტი. ანუ სამედიცინო განათლების მიღმაც კი, მთლიანად წილი საერთაშორისო სტუდენტების არის ძალიან მაღალი.
მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, იმისთვის, რომ უბრალოდ რაოდენობაზე და შემოსავლებზე გამოდევნებულებმა არ მივაყენოთ ქვეყანას რეპუტაციული ზიანი, როდესაც სამედიცინო განათლებას ვაძლევთ სტუდენტებს, რომლებიც რეალურად კარგი მედიკოსები ვერ გამოდიან,”- ამბობს შალვა ტაბატაძე.